საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მოსამსახურე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრების მიზანია უმცირესობების წარმომადგენლებისთვის მშობლიურ ენაზე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პროფესიული სამხედრო სამსახურისადმი ინტერესის გაღვივება, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ასევე მათი პრობლემების მოსმენა და შემდგომი რეაგირება პრევენციის მიზნით, რაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებში მოქალაქეობრივი ღირსების განცდას გამოიწვევს.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ბანიამინ კასიმოვმა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ სამხედროებს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებიც გააცნო.
ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ სამხედროებთან შეხვედრები სხვადასხვა ქვედანაყოფში პერიოდულად გაიმართება.