დღეს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეებს უმასპინძლა. მიხეილ დარჩიაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, მინისტრის მოადგილის რანგში, პირველად გამართა შეხვედრა.
მიხეილ დარჩიაშვილმა სამხედრო ატაშეებს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს ნატო-სა და ევრო-კავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს. მხარეებმა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. „ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან საკმაოდ მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ურთიერთობა გაგვაჩნია. სწორედ ასეთ შეხვედრებს ვიყენებთ, რათა აღმოვაჩინოთ ახალი მიმართულებები, სადაც ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდებით ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს. ეს ხელს უწყობს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს და ქვეყნის თავსებადობის ამაღლებას მოკავშირე ძალებთან" - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.