სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია"-ში, IDFI-ის ანგარიშის პრეზენტაციაზე ყოფნისას, მედიის წარმომადგენლებმა თავდაცვის მინისტრს ფრანგული წარმოების ვერტმფრენების გასხვისებასა და ძველი საფრენი აპარატების შეკეთებაზე დაუსვეს შეკითხვები. „ჩვენ ჩვენი გეგმით მივდივართ. რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროს ჰყავს საფრენი საშუალებები, ვერტმფრენები, რომლებიც სამწუხაროდ, 2008 წლის შემდეგ პრაქტიკულად მიტოვებული იყო. არ ხდებოდა მათი გაუმჯობესება, ნაწილების შეცვლა. ახლა სწორედ ეს პროცესი დავიწყეთ და იმ თანხას, რომელიც ბიუჯეტში გვაქვს, საფრენი აპარატების მოწესრიგებას ვახმართ" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარებული მაღალი კლასის ავია-შოუც გაიხსენა. მისი თქმით, ეს ღონისძიებაც იმის მანიშნებელია, რომ თავდაცვისა და საფრენი შესაძლებლობები უმჯობესდება.
„რაც შეეხება კონკრეტულად იმ ვერტმფრენს, მე მთლიანად ვიზიარებ მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას. ასეთი ძვირადღირებული ფუფუნების საგნების შეძენის საშუალება ჩვენს პატარა ქვეყანას არ აქვს. რა თქმა უნდა, ის უნდა გასხვისდეს. მას არანაირი თავდაცვითი დანიშნულება არ ჰქონდა. ეს იყო აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია. თქვენ იხილეთ ალბათ, თუ როგორ ვერტმფრენზეა საუბარი და ეკონომკის სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს გეგმავს" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.