IDFI-ის ანგარიშის პრეზენტაციაზე ყოფნისას, თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი სირიაში მიმდინარე პროცესებზეც გააკეთა. ირაკლი ალასანია კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების შესაძლებლობას მიესალმა და შესაძლო სამხედრო ინტერვენციაში საქართველოს მონაწილეობა უარყო: „ჩვენ ყველანი მოხარულები ვართ, რომ ამ კონფლიქტის დარეგულირებისთვის ცდა მიეცემა დიპლომატიას. ყველამ მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება, რომელიც დიპლომატიას მოქმედების შანსს აძლევს. ბუნებრივია, ჩვენ ვგმობთ ქიმიური იარაღის გამოყენების ყველა ფაქტს და ვუერთდებით მსოფლიო თანამეგობრობას იმაში, რომ ყველა, ვინც კი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს საკუთარი თუ სხვა ხალხის წინააღმდეგ, უნდა იყოს დასჯილი. სწორედ ამ პოზიციას, ევროკავშირის პოზიციას, ცივილიზებული სამყაროს პოზიციას უერთდება საქართველო. საქართველოს თავდაცვის უწყების გეგმებში არანაირად არ შედის რაიმე სახის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა".
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რეგიონულ უსაფრთხოებაზე სირიის გავლენის შესახებაც გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, სირიაში არსებულ პრობლემები რეგიონში საფრთხეებს ზრდის, თუმცა საქართველო მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და შესაბამისი სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ: „ზოგადად, რეგიონულ უსაფრთხოებას, ბუნებრივია, სირიაში უკვე არსებული პრობლემები საფრთხეს უქმნის. აქტიურდება ტერორიზმი, აქტიურდებიან ისეთი ჯგუფები, რომლებსაც ექსტრემისტებთან კავშირი აქვთ. პროცესებს დიდი ყურადღებით ვაკვირდებით, ჩვენი სადაზვერვო ორგანოები, ჩვენი თანამშრომლობა საზღვარგარეთის სადაზვერვო სტრუქტურებთან გაძლიერებულია, რათა ჩრდილო-კავკასიაში მიმდინარე პროცესებსა და აღნიშნულ დაპირისპირებას შორის კორელაცია არ მოხდეს. ბუნებრივია, ვზრუნავთ, რომ რეგიონში სოჭის ოლიმპიადა უსაფრთხოების კუთხით შესაბამის დონეზე ჩატარდეს" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები