სომხეთის პრეზიდენტმა სარგსიანმა პუტინთან „ტკბილი გასაუბრების" შემდეგ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ოფიციალურად ითხოვს საბაჟო კავშირის წევრობას, ანუ უარს აცხადებს ვილნიუსის სამიტში მონაწილეობასა და ევროკავშირთან „თავისუფალი ვაჭრობის" ხელშეკრულების პარაფირებაზე.
ეს კი არა, სომხური დიასპორის წყალობით, ერევანს (თბილისისაგან განსხვავებით) არათუ პარაფირების, არამედ ხელმოწერის შანსიც ჰქონდა. „საბაჟო კავშირის" წევრობაზე განაცხადის შეტანა კი ევროკავშირთან ამ დოკუმენტების გაფორმებას გამორიცხავს: ბრუსელის პრინციპული (და სავსებით ლოგიკური) პოზიციაა, რომ შეუძლებელია ქვეყანა ერთდროულად ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონაშიც მონაწილეობდეს და, იმავდროულად, რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის საბაჟო კავშირის წევრიც იყოს.
ბოლო დრომდე ერევანი ლავირებას ცდილობდა და სომხეთისათვის ჩვეული „კომპლემენტარიზმის" პოლიტიკას ატარებდა ამ სფეროშიც. კომპლ(ი)მენტარიზმში არ აგერიოთ. კომპლ(ე)მენტარიზმი ე.წ. „მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას" ნიშნავს, რაც სომხებს იმთავითვე ბევრად უკეთ გამოსდიოდათ, ვიდრე ქართველებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ „ბერლინის კედლის დამანგრეველი" პრეზიდენტი გვყავდა, შემდეგ კი „ევროპის გათავისუფლების მესამე ტალღის" მებაირახტრე ლიდერი.
მაგრამ რაოდენ ჭკვიანური და ეშმაკურიც არ უნდა ყოფილიყო სომხური კომპლემენტარიზმი, რუსული გამოთქვამისა არ იყოს «Против лома нет приёма». საბოლოოდ პუტინმა იმდენად პრინციპულად დასვა საკითხი, რომ სომხებს მკაფიო არჩევანის გაკეთება მოუწიათ. მოსკოვმა ისინი იოლად მიახვედრა, რომ თუ ვილნიუსის სამიტში მიიღებდნენ მონაწილეობას და „ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებას" მხარს დაუჭერდნენ (ზუსტად ასე, - „ნატოს" გაფართოების დარად აღიქვემენ რუსები ამ პროცესს), მაშინ მოსკოვი გაზის ფასს გაუსამმაგებდათ, სავიზო რეჟიმს შემოიღებდა, სომხურ ბიზნესს რუსეთიდან გააპანღურებდა და კიდევ უფრო მეტ იარაღს მიჰყიდიდა აზერბაიჯანს. სომხეთი ისედაც გეოპოლიტიკურ გასაჭირშია, ყოველ მხრივ მტრებითაა გარსშემორტყმული და ასეთ რისკს იგი ნამდვილად ვერ აიტანდა.
თუმცა, სარგსიანი ჭკვიანი სომეხია და როგორც კი შეატყო, პუტინი აღარ ხუმრობდა, მაშინვე დათმო. არ გაჭრა სომხურმა არგუმენტებმა, რომ „სომხეთს საბაჟო კავშირთან საზღვარი არა აქვს საქართველოს გამო". „ოჰ, „თქვენისამ" ევროკავშირთან ხომ გაქვთო" - პასუხობდნენ რუსები.
რაც შეეხება საქართველოს, პუტინი სომეხ კოლეგას აუცილებლად ჩააწვეთებდა: „ამაზე ნუ ღელავთ, საბაჟო კავშირთან საერთო საზღვარი სულ მალე გაგიჩნდებათო". გასაგებია, რომ სომხეთის მიერ საქართველოს დაპყრობას ნამდვილად არ გულისხმობდა. როგორც ჩანს, იმედი აქვს, რომ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანმების პარაფირება (და არა ხელმოწერა) საქართველოს საბოლოოდ ვერ ჩამოაშორებს რუსულ ორბიტას და ჯერ ისე არ ჩამოსაღამოვებულა („Ещё не вечер"), რომ გენადი ონიშჩენკომ ახლახანს შეშვებული ღვინო-ბორჯომის დაბლოკვით ვერ აგრძნობინოს ქართულ ბიზნესს, სად უფრო გაიყიდება გორის ვაშლი და აჭარის მანდარინი - ლონდონში თუ როსტოვში.
ამას ისინი დიდი ხანია გრძნობენ, მაგრამ ბოლო დროს „გამხმოვანებლები" გაუჩნდათ. ნინო ბურჯანაძეს კი ნამდვილად ექნება საფუძველი იკითხოს: „პარაფირება" იმას ხომ არ ჰგავს, „ნატოში აუცილებლად შესვლის" საცდური რომ ჩამოგვიკიდეს მოლა ნასრედინის სახედარივით?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ე.წ „საბაჟო კავშირი" (განსხვავებით ევროკავშირის „თავისუფალი ვაჭრობის ზონისაგან") სრული ფიქციაა. საკმარისია თვალი გავადევნოთ, რა ხდება პუტინის „სამთა კავშირს" შიგნით: ბელორუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ დააპატიმრა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი საწარმოს - „ურალკალის" ხელმძღვანელი ვლადისლავ ბაუმგერტნერი (მერედა, რა ძირძველი რუსული გვარი აქვს დალოცვილს!), ჩააგდო დილეგში და საწარმოს მფლობელ სულეიმან ქერიმოვსაც იმითვე ემუქრება. საპასუხოდ, გენადი ონიშჩენკომ ბელორუსული ხორცისა და რძის ნაწარმი აკრძალა, „როსნეფტ"-მა კი ბელორუსულ გადამამუშავებელ ქარხნებს ნავთობის მიწოდება შეუწყვიტა.
და ეს ყოველივე „საბაჟო კავშირში" ხდება!
ამიტომაც ისწრაფიან რუსეთის მეზობლები უფრო მეტად ევროკავშირისკენ, რადგან იქ ის მაინც იცი, რომ თუ ისეთ ვაშლსა და მანდარინს გაზრდი, ალჟირულსა და მაროკოულს აჯობოს, ან მომავალში „იაგუარზე" უკეთეს მანქანას ააწყობ . . . . . . ინგლისში ონიშჩენკო არა ჰყავთ, ესე იგი „სანეპიდსადგურებს" გეოპოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად და ყოფილ კოლონიათა მოსახრჩობად არ იყენებენ. პუტინი კი ისეთ „საბაჟო კავშირს" ქმნის, რომლის წევრებს როცა უნდა მაშინ მოგუდავს: „თუ კარგად მოიქცევით და „ცუციკებივით" იქნებით, გასუნთქებთ, თუ არა და მოგახრჩობთო".
მთავარი სამიზნე კი, ისევ და ისევ, უკრაინაა! არადა, მართლა გიჟი უნდა იყოს პრეზიდენტი იანუკოვიჩი, ნებაყოფლობით გაჰყოს ამ ყულფში თავი. რაც მთავარია, თუ დავაკვირდებით, პუტინის ნამდვილი მიზანი ის კი არ არის, უკრაინა (ან მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და ა.შ) მაინცდამაინც „საბაჟო კავშირში" თუ „ევრაზიულ კავშირში" შემოითრიოს, არამედ ის, რომ მათ ევროკავშირთან არ გააფორმონ რაიმე ხელკრულება და საერთოევროპულ ინტეგრაციულ პროექტთა ნაწილნი არ გახდნენ.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, პუტინს ამ „ევრაზიული კავშირის" ფანტომი, სინამდვილეში, მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რათა რუსული დომინიონების ხარჯზე ევროკავშირს გაფართოება არ დაუშვას და ყოფილმა სატელიტებმა იქ არ შეასწრონ. ამიტომაც აყენებს მათ მკაცრი არჩევანის წინაშე.
სომხეთმა არჩევანი გააკეთა. საქართველომ? „ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრმა" ივანიშვილმა ბოლო პრეს-კონფერენციაზე მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა: „ევრაზიულ კავშირზე ჯერ პოზიცია არა გვაქვს და ხვალ რა იქნება ვნახოთო".
„ხვალ" იქნება არა საბჭოთა კავშირი, არამედ ცარისტული რუსეთის ახალი გამოცემა. იქ კი „საბჭოთა კავშირიც" მოგვენატრება.
"ჯი-ეიჩ-ენი", დავით ავალიშვილი