სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2013" დასრულდა. შემაჯამებელი კონფერენცია თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. სწავლების მონაწილე პერსონალმა მოქმედების შემდგომ მიმოხილვაში მიიღო მონაწილეობა. გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის-გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ თითოეულ მონაწილეს სერთიფიკატები გადასცა.
"სწავლებაში ყველა დონე იყო შექმნილი, რომელიც კრიზისების მართვის პერიოდში უნდა შეიქმნას. სწავლება მოიცავდა როგორც პასუხს ბუნებრივ კატასტროფებზე, ასევე საომარ მოქმედებებზე. შესაბამისად, შექმნილი იყო კრიზისების მართვის ცენტრი, ჩამოყალიბებული იყო უწყებათაშორისი ურთიერთობის დანაყოფები, სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის უჯრედები. ჩემი აზრით, ამ სწავლებამ თავის მიზანს მიაღწია. რაც მთავარია დავინახეთ, თუ სად ვართ ახლა, რა გვჭირდება იმ მიზნის მისაღწევად, რასაც კრიზისების მართვის ეფექტური სისტემა ჰქვია" - განაცხადა ბრიგადის-გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ.
„დიდგორი 2013" სამთავრობო უწყებათშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას წარმოადგენდა და კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას ისახავდა მიზნად.
სამეთაურო-საშტაბო სწავლების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები პირობითი ამოცანის მიხედვით მოქმედებდნენ. სწავლებაში ჩართულნი იყვნენ საქართველოს შეიარაღებული ძალები, სხვადასხვა სამინისტროებისა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
მასალის გამოყენების პირობები