ნატოს გენერელური მდივნის გამოსვლა ჟურნალისტების წინაშე ბრიუსელის რეზიდანს პალასში, ვალის მოხდას უფრო ჰგავდა, ვიდრე სურვილს რეალურად ესაუბრა სირიის პრობლემაზე.
რასმუსენმა შესავალ სიტყვაში ისაუბრა ქიმიური იარაღის მნიშვნელობაზე, მისი გამოყენების დაუშვებლობაზე და ყველა იმ პირის დასჯის აუცილებლობაზე ვინც 21-ე საუკუნეში მასობრივი განადგურების საშუალებებს გამოიყენებს -"სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ, რადგან ოცდამეერთე საუკუნეში ქიმიური იარაღის გამოყენება ყოვლად დაუშვებელია", - თქვა ჟურნალისტებთან ანდერს ფოგ რასმუსენმა.
ოკ, გასაგებია რომ დაუშვებელია მაგრამ, გენერალურ მდივანს არა აქვს მარტივ კითხვაზე პასუხი ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, "ვინ და როგორ გამოიყენა სირიაში ქიმიური იარაღი", იყო ეს ბაშრ ალ ასადის რეჟიმი თუ, ქიმიურ იარაღს უნებლიედ წაეთამაშნენ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მებრძოლები, რომლებიც უფრო ტერორისტულ ორგანიზაციებს მოგვაგონებენ, ვიდრე კლასიკურ პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელმაც დემოკრატიისათვის ბრძოლაში დიქტატორის წინააღმდეგ, ყოვლად ლეგალურ და საერთაშორისლო კანონმდებლობით დაშვებულ ფორმას - სახალხო აჯანყებას მიმართა.
ასეა თუ ისე, დღეს ჟურნალისტებმა რასმუსენის მონოლოგებიდან რამოდენიმე ძირითადი მიმართულება მაინც განსაზღვრეს ნატოს მომავალ გეგმებთან დაკავშირებით - პირველი: ნატო აუცილებლად და გადაჭრით არ დაიწყებს სამხედრო ოპერაცია სირიაში.
"თუ სირიის კრიზისის მოსაგვარებლად დარჩება მხოლოდ სამხედრო ჩარევის გზა, ჩემის აზრით ეს სამხედრო ოპერაცია იქნება ძლიან ხანმოკლე და ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობის ჩართვა ამ ოპერაციაში საჭირო არ იქნება", -თქვა გენერალურმა მდივანმა რაც დიპლომატების ენაზე დაახლოებით ასე ჟღერს, ავღანეთის მაგალითმა გვაჩვენა რომ, ნატოს არა აქვს სურვილი "პასუხისმგებლობა აიღოს სირიის კონფლიქტზე და შესაძლებელ მოვლენებზე".
მეორე, ნატო შესაძლებელ სამხედრო ოპერაციაში ინიციატორი არ იქნება და მხოლოდ შესაბამისი კონსულტაციების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
ნატოს ცალკეულ ქვეყნებს აქვთ სრული უფლება მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება სირიაში სამხედრო ინტერვენციის შესახებ თუმცა - "ნატოს ხელმძღვანელობა მიიღებს გადაწყვეტილებას სირიასთან დაკავშირებით მხოლოდ მას შემდეგ რაც გაიმართება კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან, ევროკავშირის და ნატოს ქვეყნების წარმომადგენლებთან", - თქვა რასმუსენმა და დაამატა რომ, "6 სექტემბერს ის მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმელურ შეხვედრაზე, რომელიც ვილნიუსში გაიმართება და სადაც სირიის საკითხს განიხილავენ".
თუმცა მესამე და მთავარი "მესაჟი" ნატოს გენერალური მდივნისგან რაც ჟურნალისტებმა და ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ ამ პრეს-კონფერენციიდან მიიღო არის ის რომ, იმ შემთხვევაში თუ სირია თურქეთის წინააღმდეგ დაიწყებს საომარ მოქმედებებს, " ნატოს ცნობილი მეხუთე მუხლი ავტომატურად ამოქმედდება, რადგან ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა ავტომატურად ნიშნავს ალიანსზე თავდასხმას მთლიანად", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
რასმუსენის თქმით, თურქეთში ნატო გაძლიერებს ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარების მზადყოფნას, რათა დაცული იყოს თურქეთის მოსახლეობა მოსალოდნელი ექსცესებისაგან".
"ჯი-ეიჩ-ენი", გიორგი ფოფხაძე. ბრიუსელი