დღეს, ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა პატივსაცემად გმირთა მოედანზე იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს ასევე, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა გელა დოლიძემ და დაკარგულ მებრძოლთა ოჯახის წევრებმა.
„უგზო-უკვლოდ დაკარგულები ღია ჭრილობაა ყველა ჩვენთაგანისთვის. ნათქვამია, სანამ ბოლო ჯარისკაცი არ მიებარება მიწას, მანამდე ომი არ ჩაითვლება დამთავრებულად. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მაქსიმალურად მოვიძიოთ და დავუბრუნოთ დაკარგული მიცვალებულები თავიანთ ოჯახებს. დაახლოებით 800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გვყავს უგზო-უკვლოდ დაკარგული მთელი ამ კონფლიქტების განმავლობაში. დაახლოებით ამდენივეა სამოქალაქო პირიც" - განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვახტნაგ კაპანაძემ. როგორც მან აღნიშნა, სახალხო დიპლომატიით კონფლიქტების ორივე მხარის ვეტერანთა ორგანიზაციებს ამ კუთხით ძალიან დიდი საქმის გაკეთება შეუძლიათ.
დღესვე, ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები „ექსპო-ჯორჯიას" მე-3 საგამოფენო პავილიონსა და ვაშლიჯვარში ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე" მდებარე მუზეუმში გაგრძელდება.