შპს ,,ქართული კვების კომპანიის" ხელმძღვანელობა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" მრგვალი მაგიდის ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს კომპანიის მართვის სისტემაში განხორციელებული ცვლილების შემდგომ მიმდინარე პროცესები, ტენდერები და სამომავლო გეგმები გააცნეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ტენდერები სეზონურად გამოცხადდება. კომპანია უკვე ატარებს ელექტრონულ ტენდერებს, რათა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ტენდერთან დაკავშირებული ინფორმაცია. კომპანიის თანამშრომელთა ხელფასები 25%-ით გაიზარდა; გაძლიერდა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს საკვები პროდუქტების ხარისხიანობას; წლის ბოლომდე, სამხედრო ბაზების სასადილოებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დასრულდება და ახალი ინვენტარი დარიგდება.
„ქართული კვების კომპანიის" დირექტორის გიორგი როგავას განცხადებით, კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს სანიტარულ ჰიგიენას, რისთვისაც გამოყოფილია თანხები. ახლო მომავალში დაგეგმილია მემორანდუმის გაფორმება სურსათის უვნებლობის სამსახურთან, რომელიც ყველა სამხედრო ქვედანაყოფში სურსათის უვნებლობის კუთხით ვითარებას შეისწავლის.
შპს ,,ქართული კვების კომპანიის" 100%-იანი წილის მფლობელია თავდაცვის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დელტა". კომპანიაში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს კვებით მომსახურებას უწევს, დაახლოებით 1100 ადამიანია დასაქმებული. 2013 წელს ივლისის თვეში კომპანიის მენეჯმენტი შეიცვალა.