თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ირაკლი ალასანია ამერიკაში მისმა კოლეგამ ჩაკ ჰეიგელმა მიიწვია. საქართველოს თავდაცვის მინისტრის და აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს ISAF-ის მინისტრების შეხვედრაზე დაიგეგმა. ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ამერიკის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრება. დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ამერიკის ეროვნული გვარდიის ბიუროს ხელმძღვანელთან გენერალ ფრანკ გრასთან. ირაკლი ალასანია ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის ფორუმზე გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას, სადაც საქართველოს და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილება. ოფიციალური ვიზიტის დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია შეხვედრები ეროვნული უშიშროების საბჭოში, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში, საზღვაო ქვეითთა კორპუსსა და თავდაცვის დაზვერვის სააგენტოში. თავდაცვის მინისტრი ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრსაც ესტუმრება და დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მოინახულებს. ვიზიტის ფარგლებში მხარეები უწყებებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს განიხილავენ. ყურადღება დაეთმობა ასევე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის საკითხებს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მინისტრის მრჩეველი ვარლამ ავალიანი. ოფიციალური ვიზიტი 27 აგვისტოს დასრულდება.