ქართველი სამხედროები ავღანეთში მიემგზავრებიან. გაცილების ცერემონიალი ვაზიანში IV ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის სამშვიდობო ოცეული ISAF-ის მისიის შესასრულებლად რამდენიმე დღეში გაემგზავრება. სამშვიდობო ოცეული ავღანეთში მყოფ დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების გაძლიერებულ ოცეულს ჩაანაცვლებს.
გაცილების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების საზღვაო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი რიჩარდ ბრეიდი და შეიარაღებული ძალების სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ.
ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ და ვიცე-პოლკოვნიკმა რიჩარდ ბრეიდმა სამშვიდობო ოცეულის სამხედროებს სიტყვით მიმართეს. მათ ოცეულის პირად შემადგენლობას მხნეობა, მათზე დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულება და სახლში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. ცერემონიალის დასასრულს სამშვიდობო ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები მე-13 ბატალიონის მოძღვარმა მამა გოჩამ დალოცა.