ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე საქართველოს შეიარაღებული ძალების II საარტილერიო ბრიგადის 152 მილიმეტრიანი Dana ბატალიონისა და III ქვეითი ბრიგადის 122 მილიმეტრიანი D-30-ის ბატალიონის ქვედანაყოფების ტაქტიკური სწავლება დასრულდა. წვრთნები 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. „ტაქტიკური სწავლება - საბრძოლო სროლებით" მიზნად ისახავს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას თავდაცვითი ოპერაციების დროს საცეცხლე მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. სწავლების დასრულების შემდეგ განისაზღვრება საბრძოლო მომზადების სამი დონე: T-მომზადებული, P-საჭიროებს მომზადებას, U-მოუმზადებელი. აღნიშნული ქვედანაყოფები შემდგომ საბრძოლო მომზადების გეგმა-კალენდარს მინიჭებული სტატუსიდან გამომდინარე დაგეგმავენ. საბრძოლო და სროლითი სწავლება-შეფასება წელიწადში ორჯერ ხდება.