დღეს „ქორთიარდ მერიოტში" შპს „ქართული კვების კომპანიამ" პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრაზე კომპანიის ახალმა მენეჯმენტმა სტრატეგიული გეგმა წარმოადგინა. მათ ასევე, განხორციელებულ ცვლილებებზე და ამ დროისთვის მიმდინარე, კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებზეც ისაუბრეს.
როგორც „ქართული კვების კომპანიის" დირექტორმა გიორგი როგავამ განაცხადა, კომპანიის ახალ მენეჯმენტს ბევრი პრობლემა დახვდა. მათ უკვე შიესწავლეს ეს პრობლემები და დაწყებულია მათი მოგვარება. კომპანია მთავარ პრიორიტეტად კვების ხარისხის მაქსიმალურ ზრდას და მუშა პროცესების ეფექტურ მართვას ასახელებს.
მენეჯმენტმა შეცვალა კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურა. თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე (სასადილოებში) მოხდა თითოეული თანამშრომლის საქმის ინდივიდუალურად გაცნობა და გადახედვა, ხელფასები საშუალოდ 25 %-ით გაიზარდა. თანამშრომელთა წახალისების მიზნით, კომპანია მომავალშიც აპირებს სხვადასხვა ბენეფიტების შეთავაზებას. ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროს კვების ობიექტებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ სასადილოებში ახალი, თანამედროვე სასადილო ინვენტარის და დანადგარების შეტანა მოხდება, ინვენტარის ძირითადი პროცენტი უკვე შესყიდული და დასაწყობებულია.
ასევე, გამკაცრდა კონტროლი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე. არსებობს კომპანიის შინაგანაწესი. ყველა თანამშრომელი ვალდებულია ამ შინაგანაწესს დაემორჩილოს. ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით, სასადილოების მომსახურე პერონალისთვის შეიკერა ახალი ფორმები. პროდუქტის შემოწმებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით უკვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. ასევე, კომპანიის ინიციატივით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან დაგეგმილია მემორანდუმის გაფორმდება, რის შედეგადაც კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება. ახლო მომავალში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პერსონალისთვის ჩატარდება ტრენინგები.
„ქართული კვების კომპანიის" ხელმძღვანელობის განცხადებით, პროდუქტების შემოწმება გამართული სისტემაა, რაც მაღალი ხარისხის გარანტს იძლევა. „აღსანიშნავია რომ გარდა პროდუქტების ხარისხიანობის შემოწმებისა, მოწმდება პროდუქტების შენახვის პირობები, პროდუქტების გადამუშავებისა და საკვების მომზადებისთვის განკუთვნილი ადგილების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობაც. მოწოდებული პროდუქტები ვიზუალურად მოწმდება თავდაცვის სამინისტროს ობიექტზე არსებულ სამხედრო სასადილოებში, მენეჯერებისა და საწყობის უფროსების მიერ. პროდუქციას მოჰყვება ერთი ხარისხის სერთიფიკატი, რაც აღნიშნული პროდუქტის ვარგისიანობას ადასტურებს. ხარისხის სერთიფიკატი მომწოდებელი კომპანიის ხელშეკრულებასთან ერთად ადმინისტრაციულ ოფისში ინახება. პროდუქტის ხარისხს „ქართული კვების კომპანიის" კონროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ამოწმებს. ასევე შემოწმება ხდება თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ. (თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, სამხედრო პოლიცია, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის განყოფილების შესაბამისი წარმომადგენლები) შემოწმება ხორციელდება როგორც ორგანოლეპტიკურად, ასევე ლაბორატორიულადაც. საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის გადაგზავნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ხდება. გარდა შემოსული პროდუქტების შემოწმებისა, სასადილოებში, უშუალოდ სამზარეულოში სამხედრო ნაწილის ექიმები მიერ მზა კერძების შემოწმებაც ხდება."
ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კომპანიის ხელმძღვანელმა 26 ივლისს კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებზეც ისაუბრა. გიორგი როგავას განცხადებით: „დაინერგა ახალი მიდგომები. თუ აქამდე კომპანიის ხელმძღვანელი ერთპიროვნულად წყვეტდა რომელი მომწოდებლისგან შეეძინა ესა თუ ის პროდუქტი, ახლა ეს მანკიერი პრაქტიკა შეიცავალ, „ ქართული კვების კომპანიის" შესყიდვები ტენდერების გამოცხადება ელექტრონული სისტემის საფუძველზე მოხდება. ეს პროცესი ხელს უწყობს შესყიდვების პროცესის სამართლიანობასა და კონკურენტული გარემოს ხარისხის ზრდას."
„ქართული კვების კომპანიამ" თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფისათვის 25 ტენდერი გამოაცხადა, რომლის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია. სატენდერო პროდუქტები დაყოფილია საყოველთაო შესყიდვების კლასიფიკატორის მიხედვით. ძირითადი განცხადების მიღების ბოლო ვადაა 16 აგვისტო, ნაწილის კი 19 აგვისტო. პროდუქციის ხარისხის დაკმაყოფილების შემთხვევაში შპს „ქართული კვების კომპანიისთვის" ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის მთავარი კრიტერიუმი დაბალი ფასია. პროდუქტის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში მოხდება. შესყიდვების პერიოდი 2013 წლის ბოლომდე გაგრძელდება.