საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიაში გაემგზავრა. ირაკლი ალასანიასთან ერთად დელეგაციაში იმყოფება თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია. თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა „ჰოჰენფელსს" მოინახულებს. აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ISAF-ის მისიისთვის III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის და ბათუმის ცალკეული ქვეითი ბატალიონის ქართველი სამხედროების მოსამზადებელი წვრთნები მიმდინარეობს. ირაკლი ალასანია მიმდინარე წვრთნებს დაესწრება და ამერიკელი სამხედროების მიერ ქართველი ჯარისკაცების მომზადების პროცესს დეტალურად გაეცნობა.
„ჰოჰენფელსში" მომზადების დასრულების შემდეგ ქართველი სამხედროები ავღანეთში გაემგზავრებიან და ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტიგენტის შემადგენლობაში შეუდგებიან მისიის შესრულებას.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ევროპაში ამერიკის სახმელეთო ძალების სარდალს გენერალ ლეიტენანტ დონალდ კემპბელს შეხვდება.
ვიზიტის დასასრულს ირაკლი ალასანია ლანდშტულის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრს და ჰაიდელბერგის საავადმყოფოს ეწვევა, სადაც ავღანეთის მისიაში დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მოინახულებს.