სამხედრო ექმიმის დღესთან დაკავშირებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალს 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი ექიმის, გიორგი აბრამიშვილის სახელი ეწოდა და ტერიტორიაზე მისი მემორიალური დაფა გაიხსნა.
აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო. მინისტრმა გორის სამხედრო ჰოსპიტლის მედპერსონალს დღევანდელი დღე მიულოცა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
"დღეს შეიარაღებული ძალები საქართველოს სამხედრო ექიმების დღეს აღნიშნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმიტომ, რომ სამხედრო ექიმის პროფესია არის ორმაგად დასაფასებელი. ის იცავს საკუთარ სამშობლოს იარაღით ხელში და ასევე, საკუთარ თანამებრძოლებს. ძალიან ბევრი გმირობის მაგალითი გვქონდა, განსაკუთრებით რუსეთ-საქართევლოს აგვისტოს ომის დროს. გიორგი აბრამიშვილი, რომელიც არ დაემორჩილა ევაკუაციის გეგმას და მობრუნდა ჰოსპიტალში, რათა გამოემჟღავნებინა თავისი პროფესიული ერთგულება საკუთარი პროფესიის მიმართ, რუსეთის მხრიდან ნასროლი ნაღმის მსხვერპლი გახდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მისი სახელი გორის სამხედრო ჰოსპიტალს დავარქვით. გიორგი აბრამიშვილმა ევაკუაციის ბრძანების მიუხედავად, არ დატოვა საბრძოლო ტერიტორია, მაშინ როდესაც ქვეყნის პირველი პირებიც კი ტოვებდნენ ქვეყანას", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დაათვალიერა და ადგილზე არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო.
ცნობისთის, სამხედრო ექიმის დღე საქართველოში 1992 წელს დაწესდა და წელს ის 21-ედ აღინიშნება.