სერჟანტთა მომზადების სკოლას დღეიდან მაიორი ლაშა დავითაძე უხელმძღვანელებს. ახალი უფროსის წარდგენის ცერემონიალი საგურამოს სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე დღეს გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილეები, პოლკოვნიკები ვლადიმერ ჩაჩიბაია და არსენ ცუხიშვილი, ასევე არმიის სერჟანტი ალუდა კოპალიანი დაესწრნენ.
ცერემონიალზე ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სერჟანტთა სკოლის ყოფილმა ხელმძღვანელმა ახალ უფროსს ქვედანაყოფის დროშა გადააბარა.
სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი მაიორი ზურაბ ხვიჩია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს „თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის" I ხარისხის მედალი გადასცა.
„საკმაოდ დიდი გამოცდილება უკვე დაგროვდა სერჟანტთა მომზადების კუთხით. დაახლოებით 10 წლის წინ ჩვენ გერმანულ მხარესთან ერთად დავიწყეთ სერჟანტთა სკოლის შექმნა. დღეს ჩვენი სერჟანტების მომზადების ხარისხი არის ერთ-ერთი უმაღლესი. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ასეთი კარგად გაწვრთნილი და ნატოსთან თავსებადი ჯარი გვყავს, რომლებიც ავღანეთში ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას. ჩვენ დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გადაგვყავს სერჟანტთა მომზადების სკოლა დაბა კოჯრში ბაზაზე. იქ მზადდება ინფრასტრუქტურა და მთლიანად ყველა კომპონენტი სერჟანტთა მომზადების სკოლის, ისევე როგორც გვაქვს თელავში, იქნება კოჯორში კონცენტრირებული, ექნებათ სპეციალური საშუალებები, რომ გაზარდონ სერჟანტთა მომზადების ხარისხი. ეს არის ხერხემალი ჩვენი ჯარის, მათზეა დამოკიდებული საბრძოლო მომზადების დონე, დისციპლინა და აქედან გამომდინარე, ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი თავდაცვის სამინისტროსთვის"- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, ქალაქ გორში ჩამოყალიბდა. თავდაპირველად სკოლაში მხოლოდ ერთი სასწავლო კურსი იყო. ამჟამად იგი ექვემდებარება გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას.
2006 წლიდან სერჟანტთა მომზადების სკოლას და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის ჰამელბურგის ქვეითთა სკოლას შორის გაფორმდა ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ, რომელიც დღემდე გრძელდება.