"შეიარაღებული ძალების განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, ჩვენი შვილების მომავლისათვის,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გორის ცენტრალურ მოედანზე სამხედრო მოსამსახურეების ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ ჯარისკაცებისთვის სიტყვით მიმართვისას ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, "ქართულ არმიას ხალხის მხარდაჭერა და სიყვარული არ აკლია და ქართველმა ხალხმა მას ყველაზე დიდი ნდობა გამოუცხადა. ".
"ჯარისკაცების მიერ ფიცის დადება ერთგულების აღთქმას, წესისა და კანონების დაცვას, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს. ფიცის დადებით თქვენ შეიარაღებული ძალების სრულფასოვანი წევრები გახდით და დღეიდან უდიდესი მისია დაგეკისრათ - დაიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა. გილოცავთ ამ დღეს. არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, ვიდრე იყო შენი ქვეყნის ჯარიკაცი. თქვენ საინტერესო გზა გაქვთ გასავლელი. დარწმუნებული ვარ, ამ გზაზე შეიძენთ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც ასე სჭირდება საქართველოს. სამშობლო, ღირსება, ერთგულება - ეს შეიარაღებული ძალების დევიზია და მჯერა, დღეს ჩვენს სამშობლოს ღირსეული და ერთგული დამცველები შეემატა. შეიარაღებული ძალების განვითარებას უდიდესი მნიშვენლობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, ჩვენი შვილების მომავლისათვის. ქართულ არმიას არ აკლია ხალხის მხარდაჭერა და სიყვარული. ჩვენმა ხალხმა მას ყველაზე დიდი ნდობა გამოუცხადა. ეს ძალიან დიდი პატივი და ამავე დროს დიდი ტვირთია რომელიც ღირსეულად უნდა ატაროს თითოეულმა თქვენთაგანმა. თქვენ უნდა გააგრძელოთ ჩვენი წინაპრების რთული და საამაყო გზა. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ სულის სიმტკიცეს, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჯარისკაცს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.