"ძალიან გამბედავმა ჟურნალისტებმა საშუალება მოგვცეს, დავბრუნებულიყავით და გაგვეაზრებინა ის, თუ რამხელა ბოროტებასთან გვქონდა საქმე 2008 წლის აგვისტოს თვეში,"- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ოკუპაციის მუზეუმში გამართულ რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველ ფოტოგამოფენაზე განაცხადა, სადაც 2008 წლის ომის დროინდელი მოვლენების ფოტომასალა იყო წარმოდგენილი.
აღნიშნული ღონისძიების გახსნას საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ერთად, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, მთავრობის სხვა წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
"საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და მანამ, სანამ ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ყველა ქართველის პირველი მოვალეობა დეოკუპაციაზე ზრუნვაა. ეს სახეები, რომლებსაც ამ სურათებზე ვხედავთ, სამხედროები, ჩვენი მოწინააღმდეგეებიც, გვახსენებენ ერთადერთს, რომ ისტორიიდან უნდა გავაკეთოთ სწორი დასკვნები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეომრების ასწლეულების მანძილზე გაუტეხელი მხედრული სული მომავალშიც ჩვენი ქვეყნის განვითარების, ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნების საფუძველი იქნება,"- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ამასთან, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში თავდაცვის სამინისტროს და ეროვნული მუზეუმის ერთობლივი ინიციატივით, სპეციალური მუზეუმი შეიქმნება, სადაც ყველა ის ფოტომასალა იქნება დაცული, რომელიც დამთვალიერებელს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ბოლო პერიოდში განვლილი გზის შესახებ მოუთხრობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 5 წელი შესრულდა. ოფიციალური მონაცემებით, 5-დღიან ომში საქართველომ 170 სამხედრო, 14 - პოლიციელი და 220 - სამოქალაქო პირი დაკარგა. საომარი მოქმედებების შედეგად, 2 234 ადამიანი დაიჭრა და 26 000 დევნილად იქცა.