დღეს მუხათგვერდში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. სამხედრო სასაფლაოზე იმყოფებოდნენ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, მისი მოადგილეები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა და თავდაცვის მინისტრმა დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მუხათგვერდში იმყოფებოდა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული და სამხედრო ორკესტრი, რომელმაც სამგლოვიარო მარში და საქართველოს ჰიმნი შეასრულა. შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა მამა დავითმა და I ქვეითი ბრიგადის კაპელანმა მამა მოსემ დაღუპული სამხედროების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული მეომრები კიდევ ერთხელ გაიხსენა და მათ გმირობაზე ისაუბრა: „ დღეს ჩვენი გმირების საფლავებთან ერთადერთი განცდა გვეუფლება ყველას, ყოველთვის ყველაზე თანამედროვე და ძლიერი იარაღი საქართველოში იყო გაუტეხელი სული ჩვენი მეომრების და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გვამარცხებინებდა ჩვენს მტრებს წარსულში და ეს იქნება საქართველოს წარმატებების და გამარჯვებების გარანტი მომავალში. ამიტომ, სწორედ მხედრული სული, რომელიც ყოველთვის ასწლეულებისა და ათასწლეულების განმავლობაში იყო გამოკვეთილი თვისება ჩვენი სამხედროების, იქნება ასევე ჩვენი მომავლის გარანტიც."- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
სამხედრო სასაფლაოზე იმყოფებოდნენ დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და თანამებრძოლები. დილიდან მუხათგვერდის სასაფლაოზე რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსებიც მივიდნენ, რომელთაც პატივი მიაგეს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.