ერთ-ერთი ყველაზე მწარე მოგონება იმ აგვისტოს დღეებში ამერიკელი გენერლის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის განცხადებაა, რომელიც მან საბრძოლო მოქმედებების დამთავრებისთანავე გააკეთა: „ამ ომით რუსებმა დაამტკიცეს, რომ ამაყი ერიაო!". ხედავთ? ქართელებმა კი არა, რუსებმა დაამტკიცეს, რომ ამაყი ერი არიან! ამას ამბობს სისხლით ხორცამდე მეომარი, ჯარში გაზრდილი გენერალი, რომელიც მხოლოდ ჯორჯ ბუშ უმცროსის შიზოიდური პოლიტიკის შედეგად მოხვდა დიპლომატიურ სამსახურში.
თუმცა, გაგებასთან ერთად, ბრაზიც გიპყრობს. კი მაგრამ, შე . . . . . . . ის ხომ კარგი იყო, 2004 წელს, ნიუ იორკში, ტელეკამერებისა და გამვლელების თვალწინ, „ჰოთ-დოგებს" რომ მიირთმევდი მიშასთან ერთად? განა თქვენ არ შეუქმენით და ჩაუნერგეთ ამ „რევოლუციონერ" ყმაწვილებს რწმენა იმისა, თითქოს საქართველო ამერიკისთვის ლამის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ისრაელი - ახლო აღმოსავლეთში? სწორედ ამ ილუზიამ შექმნა 2008 წლის აგვისტო! „ყველა ვარიანტში დაგვიცავენო". არავინაც არ დაგვიცვა და როცა საქმე საქმეზე მიდგა, რუსებს სიტყვაც ვერავინ შეუბრუნა.
რუსულმა ჯარებმა საქართველო სრულიად მოოხრებულ და გადამწვარ უდაბნოდ მხოლოდ იმიტომ არ აქციეს, რომ წინააღმდეგობა 10 აგვისტოს დილიდან შეწყდა. დასავლეთში სისხლიან სანახაობათა მოყვარული უმრავლესობა ამის გამო დიდად აღშფოთებულიც იყო: „ეს რა სიამოვნება მოგვაკელით ქართველებმაო".
ახლა სრული უაზრობაა გაუთავებელი წყლის ნაყვა იმაზე, შეიძლებოდა თუ არა იმ ომის თავიდან აცილება. უკვე ბევრჯერ დაიწერა. აი, მაგალითად აქ http://ghn.ge/news-72459.html მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ იმ საგარეო პოლიტიკური კურსის ფარგლებში, რომელსაც საქართველო ატარებდა, ეს ომი იყო აბსოლუტურად გარდაუვალი! ხოლო ის, ვინც ამბობს, თითქოს თავად „ჭკვიანურად გაატარებდა იმავე კურსს", ანუ რუსეთის ბაზებს გაიტანდა, ნატოში გაწევრებაზე ოფიციალურ განაცხადს გააკეთებდა, პოსტსაბჭოურ ინტეგრაციაზე არ წავიდოდა და ომს „რაღაცნაირად" მაინც თავიდან აიცილებდა, არის თაღლითი და მატყუარა! ამ ომის თავიდან აცილება მხოლოდ სხვა პოლიტიკური კურსის პირობებში თუ იყო შესაძლებელი. ისიც უფრო დანაკარგის მინიმიზაციის თვალსაზრისით.
ასევე სრული უაზრობა მსჯელობა იმაზე „ვინ ისროლა პირველმა და ვინ დაიწყო". ამ ხალხს ორი წიგნი მაინც არა აქვს წაკითხული? „ომი პოლიტიკის გაგრძლებაა, ოღონდ სხვა მეთოდებით": 2007 წლის სექტემბერში რუსებმა სოფელ წითლუბანს „ჰაერი-მიწა" რაკეტა ესროლეს. რატომ, რა მიზნით? უმთავრესად იმისათვის, რათა გაეგოთ და დაედგინათ, როგორი იქნებოდა დასავლეთის რეაქცია. ისინი ამით შესაძლო რეაქციას ამოწმებდნენ ანუ იმას, თუ რამდენად ჩაერთვებოდა ამერიკა ან ევროპა საქმეში. დარწმუნდნენ კიდეც, რომ სინამდვილეში, ევროპასაც და ამერიკასაც ფეხებზე ვეკიდეთ: „ორივე მხარეს მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ" ასეთი იყო ვაშინგტონისა და ბრიუსელის რეაქცია იმ პროვოკაციაზე. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებასაც, ინციდენტის გამოძიება არა საერთაშორისო კომისიასთან, არამედ მხოლოდ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალთა სარდლობასთან (!!!) ერთად მოუწია. შედეგიც ბრწყინვალე დადგა რასაკვირველია! ევროპელებმა და ამერიკელებმა კი მხრები აიჩეჩეს - „ორმხრივი საკითხია და აბა ჩვენ რა შუაში ვართო".
ამგვარი „საკონტროლო გასროლები" 2006-2008 წლებში რუსებმა ბევრი განახორციელეს, სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდნენ, რომ მიუხედავად ჩვენებურ ყმაწვილთა ილუზიისა, დასავლეთის რეაქცია „დაშორებული" იქნებოდა. ასეც მოხდა. ომს რომ არავინ დაუწყებდა ბირთვულ ზესახელმწიფოს - ისედაც ნათელი იყო. მოსკოვი ამას კი არ ამოწმებდა, არამედ ომისშემდგომ რეაქციებს, ანუ თუ რამდენად გაიფუჭებდა ურთიერთობას.
პირველად ახალ ეპოქაში, მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორია დაიპყრეს, ოკუპაცია ოფიციალურად გააფორმეს და . . . ვითომ არაფერი! მედვედევმა ცნობილ ინტერვიუში გვითხრა კიდეც: 2008 წლის ნოემბრიდან არც ერთ დასავლელ ლიდერს ჩემთან საუბრისას „საქართველო" არც კი უხსენებიაო. ახლა ზოგიერთი ჭკუისკოლოფი გვიმტკიცებს: „ღიად შეიძლება არ ახსენებდნენ, მაგრამ დახურულ კარს მიღმა ელაპარაკებოდნენო". მტკნარი სისულელეა! თანამედროვე დიპლომატიაში „დახურულ კარს მიღმა" შინაარსის გასაიდუმლოებას ნიშნავს და არ თემატიკის. გამორიცხულია, G8 ან G20 ფორუმებზე, თუ ორმრივი სამიტებისას, საქართველოს თემატიკა განხილულიყო და ამის შესახებ არავის არაფერი ეთქვა ან პრესაში ინფორმაცია არ გაჟონილიყო.
სიმართლე ისაა, რომ დასავლეთმა, პირველ რიგში ამერიკამ, მიიღო და აღიარა 2008 წლის 12 აგვისტოს ჩამოყალიბებული რეალობა. საქართველოსგან კი, როგორც აღმოჩნდა, მას ბევრი არც არაფერი უნდოდა, გარდა თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტ ბუშის გამოსვლის „მესიჯბოქსისა", რომელმაც „ვარდების რევოლუცია" შეგვიქო და „დემოკრატიის შუქურა" გვიწოდა. ოღონდ, როგორც მალე გაირკვა, „შუქურა და მაგალითი" არა პოსტსაბჭოური სივრცისთვის, არამედ ე.წ. „დიდი ახლო აღმოსავლეთისა" და „არაბული გაზაფხულისთვის", რომელიც მაშინ უკვე მწიფდებოდა ვაშინგტონის ლაბორატორიებში. ჩვენებს კი ეგონათ, ბუში უკრაინასა და ბელორუსში, საბოლოდ თვით რუსეთში „დემოკრატიული დესანტირებისკენ" მოგვიწოდებდა.
თუ ეს რაიმედ ღირს, შეგვიძლია თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ „დიდ ახლო აღმოსავლეთში" მიმდინარე პროცესთა და ამ გლობალური პროექტის ერთ-ერთი მესამეხარისხოვანი მონაწილე-პროვოკატორი მართლა აღმოვჩნდით ჩვენი „ვარდების რევოლუციით", თორემ პოსტსაბჭოური სივრცე რომ მოსკოვის „პრიორიტეტული ინტერესების სფეროა", ამაში არც იმ „სპიჩრაიტერებს" ეპარებოდათ ეჭვი, რომლებიც ბუშს თბილისურ სპიჩს უმზადებდნენ.
ეგვიპტესა. ლიბიასა თუ სირიაში კიდევ ბევრი სისხლიანი ბორბალი დატრიალდება, სიტუაცია ბევრჯერ შეიცვლება, ჩვენი ქვეყნის ხსენებაზე კი (თუ საერთოდ გვახსენებენ აწი) ამერიკის პრეზიდენტებს კვლავაც აუცილებლად მოუწევთ დაზუსტება: „Country georgia", რათა მათ მოქალაქეებს ამერიკულ შტატში არ ავერიოთ.
კოლინ პაულის უსირცხვილო განცხადებაზე არანაკლებ მწარე იყო BBC-ის წამყვანის კითხვა თბილისში მყოფ სპეციალურ კორესპონდენტს: „ვხედავთ, მანდ კონცერტია და ეს იდიოტი ქართველები ნეტავ რას ზეიმობენო?"
ეს იყო 2008 წლის „დიდგორობას".
„ჯი-ეიჩ-ენი", მიხეილ გეწაძე