საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ეთნიკურად აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეებს რამაზანის თვე და რამაზანის დამდეგი ბაირამობა მიულოცა. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის უფროსთან, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძესთან და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად მარნეულის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდა. ისინი ეთნიკურად აზერბაიჯანელ სამხედროებთან ერთად მარხვის გახსნის ვახშამს - "იფთარს" დაესწრნენ. ირაკლი ალასანიამ მათ კარიერული წინსვლა და წარმატება უსურვა. "მე მინდა დღევანდელი დღე ყველას მოგილოცოთ. ეს არის დღესასწაული ჩვენთვის, ყველასათვის არამარტო მუსლიმი თანამოქალაქეებისათვის. მე მინდა თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო ხელმძღვანელობის სახელით გითხრათ, რომ ძალიან გვიყვარხართ, გაფასებთ და გვინდა, რომ მართლაც ქართულ არმიაში, ქართულ ჯარში ჩვენი მუსლიმი ძმები იყვნენ ძლიერად, იგრძნონ თავი ისე, როგორც უნდა გრძნობდნენ თავს საკუთარი ქვეყნის დამცველები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავი იგრძნოთ ღირსეულად, დაფასებულად და შეგიქმნათ პირობები იმისათვის, რომ ემსახუროთ საქართველოს. თქვენი სამშობლოა საქართველო და მე მინდა იცოდეთ რომ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ყველა მოწადინებულია იმისათვის, რომ თქვენ სწორედ ეს შესაძლებლობა მოგეცეთ.
მინდა გისურვოთ ჯამრთელობა, ოჯახში ბედნიერება და სავალდებულო სამხედრო სამსახურის ღირსეულად ჩამთავრება. გაგვიხარდება თუკი თქვენი დიდი უმრავლესობა გადაწყვეტს და დარჩება საკონტრაქტო სამსახურში, როგორც პროფესიონალი სამხედროები. ამისათვის პირობებს შეგიქმნით, გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. საქართველოს ძლიერება იქნება გარანტირებული მაშინ, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები მუსლიმები და სხვები ერთ მუშტად შევიკვრებით. სწორედ არმია, ჯარი არის ამის ნათელი მაგალითი. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ძალიან მიხარია რომ მომეცა საშუალება თქვენთან ერთად ყოფნისა." - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
რამაზანის მარხვის გახსნის ვახშამს მუსლიმი სასულიერო პირი ახუნდი ვაგიფ კასიმოვიც დაესწრო. რამაზანის თვეში მომლოცველები მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე სითხეს და საკვებს არ იღებენ. რამაზანის დასრულებას მუსლიმები განსაკუთრებული დღესასწაულით აღნიშნავენ.
მასალის გამოყენების პირობები