„საქართველოს შეიარაღებული ძალების მეგობართა საზოგადოების" ფორმატის ფარგლებში, ქართველი საზოგადო მოღვაწეები სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრებს მუდმივად მართავენ. ამჯერად, სენაკში II ქვეითი ბრიგადის სამხედროებს რეჟისორი რობერტ სტურუა ესტუმრა. ქართველ რეჟისორს მასპინძლობა მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ გაუწია.
რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შეხვედრა ჯარისკაცებთან უშუალო ატმოსფეროში გაიმართა. ქართველმა რეჟისორმა სამხედროებს მისი თეატრში მოღვაწეობის საუკეთესო მომენტები გაუზიარა და თავისი ახალგაზრდობის წლები გაიხსენა, როდესაც ის ჯარში მსახურობდა. რობერტ სტურუამ ჯარისკაცების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
თავის მხრივ, სამხედროებმა რეჟისორს სპეციალური საჩუქრის სახით სამხედრო ფორმა გადასცეს, რომელზეც მისი გვარი და თეატრის სიმბოლოა ამოტვიფრული.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმარმა სენაკის ბაზა დაათვალიერა და ჯარისკაცებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.