ENG / RUS       12+

,,ფოტოგრაფების საქმე,, - ორი წლის შემდეგ

პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფისა და სხვადასხვა სოლიდური ფოტოსააგენტოს ორი კორესპონდენტის დაპატიმრება სააკაშვილის მმართველობის „დამასრულებელ ბიძგად" იქცა და, გარკვეულწილად, არანაკლები როლიც შეასრულა ხელისუფლების „ჩამოშლაში", ვიდრე ყბადაღებულმა „ციხის კადრებმა" ან „აგვისტოს ომმა". თანაც, ეს საქმე ნიშანდობლივია არა მხოლოდ თანამდევი სისასტიკის, არამედ, რაც არანაკლებ არსებითია, უტიფრობის, ბოროტი ცბიერების, სიყალბისა და ტყუილის იმ „ჩანჩქერით", რაც მას ახლდა თან. სიფლიდე და ტყუილი ყოველთვის განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს. ხოლო როდესაც ხელისუფლებას ჰგონია, თითქოს საკმარისია ბრბო მოატყუოს, საზოგადოების ელემენტარული განსჯის უნარიანი ნაწილის აზრი და შეხედულება კი არად ჩააგდოს, - ასეთი ხელისუფლება ადრე თუ გვიან აუცილებლად დაისჯება.

თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ტყუილი და არაგულწრფელობა ამ საქმესთან დაკავშირებით არა მხოლოდ ხელისუფლებას ახასიათებდა, არამედ იმ ხალხსაც, ვინც მას თავისი პოლიტიკური თუ სხვა მიზნებით იყენებდა. ბოლომდე გულახდილები დღემდე არც თვით ფოტოგრაფები არიან. ანუ, არც მათ უთქვამთ გულწრფელად, რამ აიძულათ ე.წ. „აღიარებითი ჩვენებით" დაებრალებინათ არჩადენილი დანაშაული: შპიონაჟი რუსეთის სპეცსამსახურთა სასარგებლოდ!

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

26 მაისის დარბევის შემდეგ მსოფლიო მოიარა შემაძრწუნებელმა ფოტოებმა. ბუნებრივია, მიშაც და ვანოც ერთობ გაკვირვებულნი იქნებოდნენ, რადგან „სპეცდანს" მტკიცე ბრძანება ჰქონდა, არ დაეშვა ფოტოგრაფირება. ამიტომ ფოტოგრაფებს იმ ღამით აპარატურას უმტვრევდნენ ან ართმევდნენ. ისე, რომ თითქმის ვერავინ შეძლო ადგილზე მუშაობა. გამონაკლისი იყო მხოლოდ ერთი პროფესიონალი - პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი. იგი მოძრაობდა სპეცდანიშნულების რაზმებთან ერთად და, ბუნებრივია, მუშაობაში ხელს არავინ უშლიდა. შემდეგ მან ეს ფოტოები, კოლეგების მეშვეობით, სხვადასხვა ევროპულ და ამერიკულ სააგენტოში გაავრცელა.

გამოძიებას, როგორც ჩანს, თავდაპირველად ასეთი ლოგიკა ჰქონდა: პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ასრულებდა სასმახურეობრივ მოვალეობას; ფოტოები, რომელიც მან გადაიღო, არ ყოფილა განკუთვნილი მედიაში გავრცელებისთის, ანუ მან ბოროტად (პირადი გამორჩნის მიზნით) გამოიყენა სამსახურეობრივი მდგომარეობა; ხოლო სხვა ორმა ფოტოგრაფმა მას დანაშაულებრივად შუწყო ხელი, ესე იგი იმათ მხოლოდ თანამონაწილეობა ედებოდათ ბრალად.

ამ ფორმალურ საფუძველს ემატებოდა მიშას პიროვნული გააფთრება. ჩვენი პრეზიდენტი ისედაც არ გამოირჩევა დიდი გულმოწყალებით და ძნელი წარსმოსადგენი არ არის, როგორ „გააგიჟებდა" ასეთი ფოტოების ხილვა მსოფლიო მედიაში, სადაც „საქართველოს იმიჯზე" ათეულობით მილიონს ხარჯავდა. მით უმეტეს, როცა შეიტყობდა, ვინ იყო ამ ფოტოების პირველწყარო.

მაგრამ აქ წარმოიშვა „სამმხრივი წინააღმდეგობა" პრეზიდენტის პიროვნულ გააფთრებას, ფორმალურ კანონს და პოლიტიკურ მიზანშეწონილობას შორის. ხელისუფლებას არაფრის დიდებით არ აწყობდა იმის თქმა და დაფიქსირება, რომ ფოტოგრაფებს მხოლოდ და მხოლოდ 26 მაისის მასალებისთვის სჯიდნენ. საქმე რომ სასამართლომდე მისულიყო, მათ სწორედ ამ მუხლით გაასამართლებდნენ. თანაც დახურულ პროცესზე. მაგრამ ყოველნაირად ეცდებოდნენ, საქმე სასამართლომდე არ მიეყვანათ და ფოტოგრაფები აეძულებინათ, მოეყოლათ ათასი ტყული „რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის", „ერგნეთის ბაზრობაზე დავერბოვკების", „საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლურ ფოტოებზე ზესაიდუმლო კომენტარების" შესახებ.

როგორ და რით „დაარწმუნეს" ფოტოგრაფები ეკისრათ ისეთი რამ, რაც არ ჩაუდენიათ? ყველა მათგანი აღიარებდა „26 მაისის ისტორიას". მაგრამ როდესაც მათთან მიდიოდა თითქოს გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან გადმოსული, წინასწარ დაგეშილი და „ინსტრუქტირებული" გამომძიებელი, იგი ფოტოგრაფებს ეუბნებოდა, რომ „26 მაისის" აღიარება საკმარისი არ იყო, ხოლო პროცესუალურ შეთანხმებას ადეიშვილის პროკურატურა მათთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გააფორმებდა, თუ სხვა ბევრ რამესაც აღიარებდნენ. ასე უფრო „შეიფუთებოდა" ეს ისტორია შპიონაჟის საქმედ. სხვაგვარად არ გამოვიდოდა. მაშინ უნდა გაესამართლებინათ დარბევის ამსახველი ფოტოებისთვის. ეს კი (ვიმეორებ) არამც და არამც არ აწყობდათ!

თავის მხრივ, ფოტოგრაფებიც მიხვდნენ, რომ მათზე ზეწოლის საშუალებად ხელისუფლება გამოიყენებდა არა ციხის ადმინისტრაციას, არამედ პატიმრებს, რომლებსაც ერთი სული აქვთ ხელთ იგდონ „არაპოპულარული" და „არაპრესტიჟული" მუხლებით ბრალდებული ადამიანები, რათა დაამცირონ კამერაში, აწამონ და სიცოცხლე ჯოჯოხეთად უქციონ. იმასაც მიხვდნენ საბრალო ფოტოგრაფები, რომ ამ ტანჯვა-წამებისაგან მათ არავინ დაიცავდა: ჩვენი სასიქადულო უფლებადამცველები ხშირად, ამაყი ყელმოღერებით აკეთებენ განცხადებებს ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პატიმართა უფლებების დარღვევის შესახებ, მაგრამ ერთხელ თუ გახსოვთ (თუნდაც ერთი შემთხვევა გაიხსენეთ!) ოდესმე ეთქვათ, რომ ადამიანი არა ადმინისტრაციამ, არამედ სხვა პატიმრებმა დაამცირეს, სცემეს და აწამეს კამერაში? არადა, სწორედ ამ „სხვა პატიმრებს" იყენებს ადმინისტრაცია გაჯიუტებულ ეჭვმიტანილთა „გასატეხად".
თუმცა ასეთ განცხადებებს ჩვენი მჭერმეტყველი უფლებადამცველებისა და „ენჯეოშნიკების" მხრიდან ვერ გაიხსენებთ. იმიტომ, რომ ციხის ადმინისტრაციის კრიტიკა ადვილია, აი სხვა პატიმრების მხილება კი, რომლებიც „არაპრესტიჟული" ბრალდებით ციხეში მოხვედრილ ადმიანებს კამერაში აბუჩად იგდებენ - იმათ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან დაპირისპირებას ნიშავს, რაც ბევრად ძნელია და სარისკო. ამიტომაც ვერ გაიხსენებთ თუნდაც ერთ ამგვარ განცხადებას ციხეზე სპეციალიზებულ „უფლებადამცველთა ლეგიონის" მხრიდან.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
-
„ფოტოგრაფების საქმემ" რეჟიმის არსი გამოამჟღავნა. სააკაშვილმა ერთხელ თქვა: „ყოველთვის მინანია, როცა მომითმენია, მაგრამ არასდროს მინანია, როცა უკანდაუხედავად მიმოქმედიაო". ამ ერთ ფრაზაშია მთელი მისი ფსიქოლოგიური და მენტალური „კონსტიტუცია". და ახლა კიდევ უკვირს ალბათ, რაც მის თავს ხდება.

გავისხენოთ, როგორ დააპატიმრეს ფოტოგრაფები: ყრუ ღამე . . . . . სახლში შემოჭრილი „ჩეკისტები" . . . . . „მთავარ ეჭვმიტანილთან" ერთად (მისი დაშანტაჟებისა და დაშინების მინზით) სრულიად უდანაშაულო მეუღლის დაპატიმრება, ანუ ორივე მშობლის „აყვანა" და უმწეო ბავშვების უპატრონოდ დაყრა ბინაში მაშინ, როდესაც კარის მეზობლებს შიშით სადარბაზოში გამოხედვისაც ეშინიათ.

სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ასეთი საშინელება საქართველოში „აღმშენებელი ბერიას" შემდეგ აღარ მომხდარა!!! კომუნისტებიც კი, ბოლო ათწლეულთა განმავლობაში, აღარ იყენებდნენ ესოდენ ბინძურ და არაადამიანურ მეთოდებს.

კარგი, დავუშვათ, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის მოქმედება არა მხოლოდ კორპორატიული ეთიკის დარღვევა იყო, არამედ, ფორმალური თვალსაზრისით, თუნდაც რაიმე უფრო მეტი. დავუშვათ, იმ ფოტოებმა ქვეყანას მართლაც დააკარგვინა რამდენიმე ათასი ტურისტი ან ინვესტორი. ნუთუ ამის გამო ღირდა სტალინ-ბერიასეული დიქტატურის აშმორებული მძორის საფლავიდან წამოყენება?!!! რა ისეთ ღირებულებას შექმნიდა ქვეყნისთვის ან ის ტურისტი ან ის ინვესტორი, რაც ამ მძორის სიმყრალეს გააქარვებდა?

აი ეს რომ არ ესმოდათ ამ ჩვენს „თვალებანთებულ", საკუთარ „ისტორიულ სიმართლეში" ბრიყვულად დარწმუნებულ, თავდაჯერებულ, „გამკეთებელ" და „რევოლუციურ" ახალგაზრდებს, ამგვარი მენტალობა რომ ჰქონდათ და დღესაც კი, ფროიდისეული წამოცდენით პირსისხლიან ნაძირალა ბერიას „აღმშენებელს" უწოდებენ (ანუ მასთან მენტალურ ნათესაობას ადასტურებენ უნებურად) იმიტომაც დაამთავრეს ისე, როგორც დაამთავრეს! და ამიტომაც იქცნენ მათ მიერვე შობილი იმ ურჩხულის მსხვერპლად, რომელიც გლდანის ციხეში ადამიანებს ცოცხით აუპატიურებდა თავისი ბინძური ვნებების დასაკმაყოფილებლად.

„ჯი-ეიჩ-ენი", მიხეილ გეწაძე

ავტორი: . .