საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის (PFP) პროგრამის ფარგლებში საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დასრულდა. სწავლების დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი სამთო სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, ვიცე-პოლკოვნიკი შალვა ბაჯელიძე, ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი და გაერთიანებული შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსის განმავლობაში უკრაინელმა, სომეხმა, იორდანელმა და ეგვიპტელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მთაში და მაღალ მთაში გადაადგილების პრინციპები, მდინარეებისა და ხეობების გადალახვის ტექნიკა, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდები შეისწავლეს.
სწავლების დახურვის ცერემონიალზე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის უფროსმა, კაპიტანმა ვანო ცხადაძემ წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა.
საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსზე მოვლინებულ უცხოელ პარტნიორებს შესაძლებლობა ეძლევათ საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის და ზამთრის შემდგომი ეტაპის მომზადება გაიარონ.