საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის (PFP) პროგრამის ფარგლებში საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსის დასკვნითი ფაზა მიმდინარეობს. კურსზე მოწვეულია უკრაინის, სომხეთის, იორდანიისა და ეგვიპტის 18 სამხედრო მოსამსახურე. წვრთნები 19 ივლისამდე გაგრძელდება. კურსის განმავლობაში უცხოელი პარტნიორები სამთო-ტექნიკურ უნარ-ჩვევებს დახვეწენ. საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსის დასკვნით ეტაპზე მსმენელები სპეციალურ ტესტებს დამოუკიდებლად აბარებენ. კურსის განმავლობაში უცხოელმა პარტნიორებმა მთაში და მაღალ მთაში გადაადგილების პრინციპები, მდინარეებისა და ხეობების გადალახვის ტექნიკა, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდები შეისწავლეს. სწავლების დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ. საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსის დასრულების შემდეგ კურსზე მოვლინებულ უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ეძლევათ საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის და ზამთრის შემდგომი ეტაპის კურსები გაიარონ.
მასალის გამოყენების პირობები