ENG / RUS       12+

მიშა . . . . . და მაინც მიშა!

ნანუკა ჟორჟოლიანის „აპოლიტიკურ" გადაცემაში პრეზიდენტ სააკაშვილის გამოჩენა საინტერესო პოლიტიკურ მოვლენად იქცა. ეს მოსალოდნელიც იყო: „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის" პროფესიონალ რეპორტიორს, სინამდვილეში, „აპოლიტიკური" არასდროს არაფერი გაუკეთებია. მისი პოპულარული შოუს „არაპოლიტიკურობა" კი მხოლოდ ზედაპირული შთაბეჭდილებაა. ასე იყო ყოველთვის: ეპოქიდან, როდესაც ქალბატონი ნანუკა იმავე ტელევიზიის „სწრაფი რეაგირების ჟურნალისტური კორპუსის" რიგითი მებრძოლი იყო - „იმედის" არხზე საკმაოდ გემოვნებიანი „თოქ-შოუს" წამყვანობამდე. ამ არხზე რომ პატარკაციშვილები მას არ გააჩერებდნენ, ცხადია, თუმცა „რუსთავი ორმა" ნამდვილად მოიგო.

რეალურად, ნანუკა ჟორჟოლიანი აკეთებს ამერიკაში მოგონილი „სინდიკაციური შოუს" რიმეიკს, რომელსაც იმ ქვეყანაში, და ალბათ უკვე საქართველოშიც, სერიოზული დატვირთვა აქვს ე.წ. „ცნობად სახეთა" და პოლიტიკოსთა ლეგიტიმაციის თვალსაზრისით. თანაც ლეგიტიმაციისა უპირველესად ელიტების თვალში, რომლებიც მუდამ და ყველგან „ქმნიან ამინდს". ოღონდ იმისათვის, რათა ეს მეთოდი ჭრიდეს, განსაკუთრებული სოციო-ფსიქოლოგია და მენტალობაა საჭირო. დაახლოებით ისეთი, როგორიც ახასიათებს პარიზულ ბრბოს, რომელიც საღამოობით „გრანდ-ოპერასთან" იკრიბება, რათა არისტოკრატები იმპოზანტურ სამოსში იხილოს.

საოცარია, მაგრამ ქართულ საზოგადოებას სწორედ ამგვარი მენტალობა აღმოჩნდა და, „თუმაინცდამაინც", სწორედ ამ მხრივ ვართ „მაშასადამე ევროპელები", თორემ რუსები არასდროს იკრიბებიან „ბოლშოისთან" ქსიუშა სობჩაკისა და მისნაირ უბადრუკობათა „გამოსვლის" სანახავად. შესაბამისად, რუსულ ტელეარხებზეც არ არსებობს ოპრა უინფრის ან ნანუკა ჟორჟოლიანის მსგავსი შოუები.

როგორც ყოველთვის, ნანუკამ თავისი საქმე ნიჭიერად და თავხედურად (ძალზე სასარგებლო თვისებაა ამ სტილისათვის) შეასრულა. „პრეზიდენტი სააკაშვილი მიდის" - თეატრალურად გულუბრყვილო ტონით ამცნობდა იგი ტელემაყურებელს ანონსში. არადა, მთელი გადაცემა იმ აზრის ძალიან ჭკვიანური და ოსტატური დამკვიდრება იყო, რომ მიშა, სინამდვილეში, არსადაც არ მიდის!!! ეს იდეა რაფინირებულად ინიღბებოდა სტილური თოქ-შოუებისათვის დამახასიათებელი, ვითომ გულუბრყვილოდ „ქალური" კითხვებით: „მარიკა ვერულაშვილზე ნაწყენი ხაააარ(თ)?". და ასევე „გულუბრყვილო პასუხებით": „მარიკა სამი წელია საერთოდ არ მინახავს . . . . ". მეტიც, მისი საარჩევნო სიაში აღმოჩენაც დიდი მოულოდნელობა ყოფილა. ისევე, ალბათ, როგორც ქალბატონ საჯაიასა და ბოკუჩავას ხილვა იმავე სიაში.

ზოგადად, ამგვარი შოუები რომ იდიოტებზეა გათვლილი, არავინ დავობს. გააჩნია, როგორია ამ კატეგორიის პროცენტული შეფარდება და რამდენად ნიჭიერად გააკეთებ საქმეს. ნანუკა კი უდავოდ ნიჭიერი ქალია! „პრეზიდენტი რომ აღარ იქნები(თ) და დილით გაიღვიძებ(თ) რას იზაააააავ(თ)?". არადა, რა უნდა ქნას დაბადებით, სისხლით და ხორცით პოლიტისკომა? მით უმეტეს, როდესაც ასეთი უბადრუკი და საცოდავი მოწინააღმდეგეები ჰყავს, რომლებმაც ძალაუფლება ისტორიული გაუგებრობით ჩაიგდეს ხელში?

ხალხს ყველაფერი ბეზრდება, მათ შორის განვითარებაც". ასეთი პირდაპირი მიშა არასდროს ყოფილა და ასე გულწრფელადაც არასდროს უთქვამს, თუ რას წარმოადგენს (მისი აზრით) ერი, რომელმაც იგი „ვარდების რევოლუციით" ძალუფლების მწვერვალზე აიყვანა, შემდეგ მობეზრდა, მაგრამ მხოლოდ დროებით: „ახლები" კიდევ უფრო სწრაფად ბეზრდება, რაკი რეალურად მართლა არაფრის გამკეთებლები ამოჩნდნენ.

აი აქედან იწყება „ოცნების საქართველო" - წუმპე ველობილიკის ბოლოში. მიშამ ამ ერთი ფრაზით მთელი მისი სამომავლო პოლიტიკური პროგრამა გამოაქვეყნა. „ახლა კიდევ ვიკავებ თავს, რაკი პრეზიდენტი ყველაფერს და ყოველნაირად ვერ ილაპარაკებს . . . ". ჰოდა თუ ნანუკასთან გაჟღერებული „უორდინგი" თავშეკავება იყო, ხომ წარმოგიდგენიათ „თავშეუკავებლად" რაღას იტყოდა ან მოიმოქმედებდა?

ბრძოლა გრძელდება"- ჩაურთო სადღაც შუაში, ნანუკს „მწყაზარი" სახისა და მორიგი გულუბრყვილო კითხვის პასუხად: „მართალია სანდრა წასვლას აპირებდაოოოოოო?". „სანდრას მხოლოდ ხელბორკილებით თუ გააძევებ საქართველოდან" - მტკიცედ ჟღერს პასუხად. მერედა ეს რას ნიშნავს? ნუთუ იმას, რომ თვითონ აპირებს გადახვეწას „ქალამბიაში" სემინარების წასაყვანად? თუ იმას, რომ არც თავად აპირებს სადმე წასვლას და აგრძელებს (უფრო ზუსტად, ახლიდან იწყებს) გააფთრებულ ბრძოლას ძაუფლების დასაბრუნებლად?!

მტრისას და ავისას მიშა - ოპოზიციონერი! ამ ჩვენს საბრალო „მეოცნებეებს" მგონი თვითონ არ ესმით, რა საშინელება ელით უმალვე, ინაუგურაციის შემდეგ. ანუ მეორე დღესვე, როდესაც მიშა საააკშვილი სრულფასოვან ოპოზიციონერად გაიღვიძებს. ერთადერთი გამოსავალი მისთვის ხელბორკილების დადება და ციხეში ჩასმა, ან ქვეყნიდან გაძევებაა. მაგრამ ნანუკას მთელი გადაცემა იმის დემონსტრირებას დაეთმო, რომ მიშას ამის იოტისოდენად არ ეშინია! ჯერ ერთი საეჭვოა მისი დაპატიმრება იმ ხელისუფლებამ მოახერხოს, რომლის დელეგიტიმაციისა და მისდამი იმედგაცრუების ტემპი უკვე თეორიულ ალბათობასაც კი სცილდება. ისე, რომ წლის ბოლოსათვის იგი არავის „დამჭერი" აღარ იქნება. მით უმეტეს, თუ „ოცნების" დღევანდელი ლიდერი „მოახერხებს" წასვლას. ჰოდა მერე ვნახავთ, „ვინ ვის დაიჭერს!"

მთავარი მიზეზი კი, რაც ნანუკამ ასევე საკმაოდ ოსტატურად აჩვენა ისაა, რომ „ცოცხების პროვოკაციით" მიშას საბოლოოდ დამარცხება შეუძლებელია! მიშა „მართლა წავიდოდა" მხოლოდ მაშინ და იმ შემთხვევაში თუ ახალი ხელისუფლება უფრო უნარიანად და „გამკეთებლად" წარმოჩინდებოდა ხალხის თვალში. ხოლო „გაჩერებულ, დაჭაობებულ ქვეყანაში", რასაც საქართველო თანდათან ემსგავსება, მიშა უკვდავია - იგი ფერფლიდან აღსდგება და კიდევ ბევრჯერ დაბრუნდება. არა მხოლოდ „ნანუკას შოუში".


„ჯი-ეიჩ-ენი", გელა კალანდაძე

ავტორი: . .