სხვა მითებთან ერთად დაინგრა მითი სააკაშვილის მთავრობის არაკორუმპირებულობაზე, რომელიც დიდი ხანი მისი სავიზიტო ბარათი იყო შინ თუ გარეთ. როგორც ირკვევა „ნაციონალებისათვის" სულაც არ იყო უცხო კორუფციული სქემები. პირიქით, აღმოჩნდა რომ სააკაშვილის ხელისუფლება იმაზე არანაკლებ იყო გაშინაურებული კორუფციასთან ვიდრე შევარდნაძის მთავრობა. განსხვავება იმაშია, რომ „ნაციონალები" გაცილებით უფრო დახვეწილ კორუფციულ სქემებს და მეთოდებს იყენებდნენ. შესაბამისად, მათი იდენტიფიკაცია და კორუფციად აღქმა ძნელი იყო. უფრო მეტიც, დაუმსახურებელი ფულის შოვნის ბევრი კორუფციული მეთოდი აბსოლუტურად ლეგალიზებული იყო. დაბალ სამოხელეო დონეზე კორუფციის აკრძალვითა და მცირე მასშტაბის კორუფციის ფაქტების საჯაროდ დასჯის ფაქტების პროპაგირებით სააკაშვილის ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ შეამცირა მოსახლეობაში კორუფციის აღქმა. შემდეგ ეს აისახა საერთაშორისო კვლევებში, რომლებშიც სპეციალურ გრაფად არის გამოყოფილი „კორუფციის აღქმა." ასე მკვიდრდებოდა მითი სააკაშვილის მთავრობის მიერ კორუფციის დამარცხებაზე.
როგორც კი „ნაციონალების" ელიტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოჭრილი ათეულობით და ასეულობით მილიონის არამიზნობრივად გამოყენება და პარტიული მიზნებისთვის ხარჯვა ფაქტებით დადასტურდა, „ნაციონალებმა" სამართალდამცავთა ბრალდებებს ასეთი „არგუმენტი" შეაგებეს „მერედა რა მოხდა - ჩვენ ხომ ფული სახლში არ წაგვიღია" (?!) თუმცა საკმარისია „ნაციონალთა" ელიტის შემოსავლებისა და ცხოვრების დონის შემოწმება ხელისუფლებაში მოსვლამდე და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, რომ ეს არგუმენტი მინიმუმ ეჭვის ქვეშ დადგეს.
სინამდვილეში კი „ნაციონალებს" დაუმსახურებელი საბიუჯეტო ფული საკმაოდ დიდი რაოდენობით მიჰქონდათ სახლში, თანაც სრულიად უშიშრად და მშვიდი სინდისით. ეს კი იმიტომ ხდებოდა, რომ ფულის სახლში წაღების პროცესი მათთვის ლეგალიზებული იყო. ამის ერთ ერთი თვალსაჩინო მაგალითი (მრავალთაგან), კი „ნაციონალთა" მიერ დამკვიდრებული პრემირების სისტემა გახლდათ. არასამთავრობო ორგანიზაციების ვებგვერდებზე ბლომად მოიპოვება ინფორმაცია თუ რა ფანტასტიურ პრემიებს უწერდნენ რეგულარულად საკუთარ თავსა და უახლოეს ხელქვეითებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მინისტრები, გუბერნატორები გამგებლები და ა.შ. დღემდე უცნობია რა კონკრეტული დამსახურებისთვის ეწერებოდათ მათ პრემიები. არსად არ იყო გაწერილი პრემირების კრიტერიუმები და მოტივები. უბრალოდ დაადგინეს, რომ პრემიები უნდა გაიცეს და მორჩა! აქედან გამომდინარე, ლოგიკური კითხვა ჩნდება რა მნიშვნელობა აქვს დაუმსახურებელ ფულს ბიუჯეტიდან ლეგალურად მიითვისებ თუ არალეგალურად?! ორივე შემთხვევაში დაზარალებული სახელმწიფო და ბიუჯეტი გამოვიდა, რადგანაც „ნაციონალი" მაღალჩინოსნების ჯიბეებში პრემიების სახით სრულიად ლეგალურად თუმცა უსამართლოდ წასული საბიუჯეტო თანხები საკმარისზე მეტი იქნებოდა სოციალურად შეჭირვებულთა თუნდაც მინიმალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან სხვა პრიორიტეტული პროგრამების დასაფინანსებლად.
თუ ამას დავუმატებთ ბიუჯეტის ანუ რიგითი მოქალაქეების გადასახადების ხარჯზე დაფინანსებულ „ნაციონალი" ლიდერების და მათი სამეგობრო -საახლობლოს გაუგებარი უცხოური ვოიაჟების, საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობის, სწავლის თუ გართობის თანხებს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ კორუფცია წინა ხელისუფლების განუყრელი მეგზური გახლდათ.
მითების მსხვრევა განსაკუთრებით მტკივნეულია საზოგადოების იმ ნაწილისათვის ვინც მითები დაიჯერა. ის არანაკლებ მტკივნეულია მათთვისაც ვისაც მითებისა არ სჯეროდა და დღეს ამის დადასტურება მიიღო, თანაც საკმაოდ მძიმე ფორმით.
„ჯი-ეიჩ-ენი",ზაალ ანჯაფარიძე