ზიანის სამხედრო პოლიგონზე 31-ე ბატალიონის სამხედროებმა საჩვენებელ საველე სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. სამხედროები ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის მიღებამდე საქართველოში საბოლოო შემაჯამებელ წვრთნებს გადიან.
თავდაცვის სამინისტყროს ინფორმაცით, სწავლების დასახელებაა „ქვედანაყოფი კონტაქტში", რა დროსაც ქვეითები ოპერაციის შესრულებისას ახლო საჰაერო მხარდაჭერას იყენებენ. სამხედრო სწავლებას დღეს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია და შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები ესწრებოდნენ.
„დღეს ჩატარდა კომპლექსური წვრთნა, სადაც ძირითადი კომპონენტი იყო ახლო საცეცხლე დახმარების გამოძახება ჩვენი ქვეითების მიერ. ეს არის წარმატების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, როდესაც სამხედროები გადადიან შეტევაზე. საცეცხლე მხარდაჭერა განხორციელდა მოულოდნელი თავდასხმის პირობებში, რის შემდეგაც სამხედროებმა წარმატებით დაასრულეს დასახული ამოცანის შესრულება. წვრთნები, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად განხორციელდა. ასეთი სწავლებები გახდება რუტინული, რადგან ეს გამოცდილება რეალურ საბრძოლო მოქმედებებში, ჩვენი ჯარის წარმატებისთვის გადამწყვეტი იქნება" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
სწავლებაში მონაწილე მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი საქართველოში მომზადების შემდეგ გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ავღანეთში ISAF-ის მისიისთვის სრული მზადყოფნისთვის დამატებით მომზადებას ერთი თვის მანძილზე გაივლიან.