მიმდინარე წლის 14 მაისს დასრულდა გენერალური ინსპექციის მიერ განხორციელებული თავდაცვის სამინისტროსა და სამინისტროს კუთვნილი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების შეძენის, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელებისა და გასხვისების კანონიერების სამსახურებრივი შემოწმება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, დადგინდა, რომ 2011 წლის 24 ნოემბერს, შპს ,,თბილავიამშენმა", თავდაცვის სამინისტროს თანხებით, იურიდიული პირისგან შეიძინა ქ. თბილისში, ონიაშვილის ქ. №2-ში მდებარე ორი საცხოვრებელი ბინა - 152 და 147 კვადრატული მეტრი ფართის. შენაძენის საერთო ღირებულებამ შეადგინა 364.694 ლარი. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 13 ივლისის №13/07/01 განკარგულებით, სიმბოლურ ფასად (1 ლარი) საკუთრებაში გადაეცა თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს - გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს - გიორგი კალანდაძესა და IV ქვეითი ბრიგადის ყოფილ მეთაურს - ზურაბ შამათავას. შეძენილი ბინები გარემონტდა, მოწყობილ იქნა ავეჯით, საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და სხვადასხვა ინვენტარით, რაზედაც საბიუჯეტო სახსრებიდან დაიხარჯა 315.150 ლარი. შესწავლის მასალებიდან ირკვევა, რომ ბინების შეძენა-მოწყობა ემსახურებოდა წინასწარ განზრახულ მოტივს - ზემოაღნიშნულ პირთათვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას.
შემოწმებით ასევე გამოვლინდა, რომ შპს „თბილავიამშენსა" და მოქალაქეს შორის 2012 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „თბილავიამშენმა" 142.000 ლარად შეიძინა ქ. თბილისში, ბახტრიონის ქ. №24-ში მდებარე 95,86 კვ.მ ფართის უძრავი ქონება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 13 ივლისის №13/07/01 განკარგულებით, ასევე სიმბოლურ ფასად (1 ლარი), საკუთრებაში გადაეცა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების სარდლის ყოფილ პირველ მოადგილეს - ნიკოლოზ აგლაძეს.