საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზებზე მიმდინარე მშენებლობების დათვალიერებას განაგრძობს. დღეს, ირაკლი ალასანიამ სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზები მოინახულა. მინისტრს ბაზებზე მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაცია მშენებლებმა მიაწოდეს. სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზებზე დაგეგმილია სამთო კედლის მოწყობაც, რომლის დაპროექტებაც უკვე დასრულებულია. ირაკლი ალასანიას თქმით, სპეციალური ოპერაციების ძალები შინაარსითა და ამოცანებით გამორჩეულია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მათთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა იყოს შექმნილი, რათა შესაბამისი წვრთნები გაიარონ და მათზე დაკისრებული ამოცანები წარმატებით შეასრულონ. „სპეციალური დანიშნულების ძალებში ინფრასტრუქტურის შეკეთება დავიწყეთ, ასევე მიმდინარეობს გარკვეული ახალი ინფრასტრუქტურის აგება, რაც სპეცდანიშნულების ძალებს გაფართოებისა და სამხედრო მოსამსახურეების მაღალი ხარისხით მომზადების საშუალებას მოგვცემს" - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. საქართველოს მასშტაბით ყველა სამხედრო ბაზაზე მასიური სამშნებელო და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურეებისთვის შენდება სასადილოები, ყაზარმები, ხდება სანიტარული კვანძების მოწესრიგება და გარე კომუნიკაციების რეაბილიტაცია
მასალის გამოყენების პირობები