დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მონიტორინგის პროცესის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოს სამხედრო ბაზები მოინახულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, ირაკლი ალასანიამ აღმოსავლეთ ოპერატიულ სარდლობაში შემავალ ყველა ბაზაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. მშენებლებმა თავდაცვის მინისტრს მიმდინარე სამუშაოები გააცნეს და მათი დასრულების გრაფიკის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს. თავდაცვის მინისტრთან ერთად, ბაზების ინსპექტირებაზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის წარმომადგენლები. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, აუცილებელია სამხედრო მოსამსახურეებს წვრთნისა და ცხოვრებისათვის ყველა პირობა ჰქონდეთ შექმნილი, რათა ჯარისკაცებმა მათზე დაკისრებული მოვალეობა პირნათლად და სწორად შეასრულონ. „ამ თვეების განმავლობაში, ჩვენ დავგეგმეთ თუ რა ინფრასტრუქტურა იყო შესაკეთებელი ან თავიდან გასაკეთებელი. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო. დღეს, ჩვენ მოვიარეთ მთელი აღმოსავლეთ საქართველო, მოვინახულეთ ყველა ინფრასტრუქტურა, სადაც მშენებლობები მიმდინარეობს. ეს პროცესი მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება, რომ ყველაფერი ვადებში ჩაჯდეს და ჩვენს ჯარისკაცებს და მეომრებს ღირსეული პირობები ჰქონდეთ თავისი ამოცანების შესასრულებლად" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. სამხედრო ბაზებზე შენობა-ნაგებობების რემონტს, სამშენებლო სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და განვითარებას, ასევე გარე კომუნიკაციების რეაბილიტაციას თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების შედეგად გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები აწარმოებენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყველა სამხედრო ბაზის მონიტორინგი რამდენიმე თვის წინ განახორციელა. ირაკლი ალასანია პირადად გაეცნო სამხედრო ნაწილებში არსებულ ინფრასტრუქტურას და ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან ბაზებზე მოსაგვარებელი პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ინსპექტირების შედეგად განსაზღვრულ ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს