ჯგუფი "ელდრაინი" პირველ CD ალბომს გამოსცემს, რომელიც ეძღვნება ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს და ყველა სხვა ქვეყნის ჯარისკაცს. ამჟამად "ბრავო რექორდსში" მიმდინარეობს ალბომის სტუდიური ჩაწერები და დიზაინზე მუშაობა.
5 ივლისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტიო დარბაზში გაიმართება ჯგუფი "ელდრაინის" კონცერტი, სადაც შედგება ალბომის პრეზენტაცია.
ჯგუფი "ელდრაინი" 2010 წლის დასაწყისში შეიქმნა. პირველი გამოსვლა, სადაც ჯგუფმა საყოველთაო წარმატება მოიპოვა 2010 წელს შედგა ფესტივალზე "ALTERVISION newcomers". 2011 წელს ჯგუფმა სოლისტად აიყვანა მომღერალი სოფო ტოროშელიძე. ამავე წელს ჯგუფი წარდგა და გაიმარჯვა "ევროვიზია 2011"-ის შიდაშესარჩევ კონკურსზე, ხოლო გერმანიაში გამართულ "ევროვიზია 2011"-ში 43 ქვეყნის მუსიკოსებს შორის მე-9 ადგილი დაიკავა.
ჯგუფის გასვლითი კონცერტი ავღანეთში უახლოს მომავალში იგეგმება, სადაც ისინი წარადგენენ აღნიშნულ ალბომს, საკონცერტო პრეზენტაციის სახით, ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს და სხვა ქვეყნის ჯარისკაცების წინაშე.
ამ ერთობლივი პროექტით "ბრავო რექორდსი" და ჯგუფი "ელდრაინი" გამოხატავს უდიდეს თანადგომას და პატივისცემას ყუველა იმ ახალგაზრდა სამხედროს მიმართ, რომლებიც იხდიან თავიანთ სამხედრო ვალს უსაფრთხოების მისიის განსახორციელებლად ავღანეთში.
ალბომი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერიოთ გამოიცემა.