სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართული შტაბის უფროსების მოადგილეების შეხვედრა დასრულდა. საქართველო შეხვედრაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა. სამხედრო მაღალჩინოსნებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძეს მასპინძლობისთვის და საინტერესო დისკუსიების გამართვისთვის მადლობა გადაუხადეს. მათ ყურადღება გაამახვილეს საქართველოს როლზე გაერთიანებული შტაბის უფროსების მოადგილეების შეხვედრის ორგანიზებაში.
14 ქვეყნის შტაბის უფროსების მოადგილეები შეთანხმდნენ, რომ რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით, კიდევ უფრო გაძლიერდეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობა.
შტაბის უფროსების მოადგილეების დასკვნით შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის სტრატეგიული მიმოხილვის მნიშვნელობაზე, სამხედრო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის აუცილებლობაზე, კონსოლიდაციასა და ოპტიმიზაციაზე.
სამხედრო მაღალჩინოსნებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბრიგადის მრავალეროვნული სამშვიდობო ძალების (SEEBRIG) გაძლიერება აუცილებელია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის, ასევე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. გადაწყდა, რომ მრავალეროვნულმა სამშვიდობო ძალებმა სხვადასხვა სახის მოქმედებებში, მათ შორის ოპერატიულ დონეზე, ჩართვის მიზნით შესაბამისი სწავლებები უნდა გაიარონ.
შტაბის უფროსების მოადგილეების დასკვნით შეხვედრაზე მომავალი წლის შეხვედრის თარიღი და ლოკაციაც განისაზღვრა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის თავმჯდომარე ქვეყანის - იტალიის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯოაკინო ალფანომ მონაწილეებს ასევე აცნობა, რომ 12 ივლისიდან მინისტერიალს რუმინეთი გაუწევს თავმჯდომარეობას.