დღეს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში მონაწილე ქვეყნების შტაბის უფროსის მოადგილეების შეხვედრა ბათუმის „შერატონში" ოფიციალურად გაიხსნა. ევროპის 14 ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე მიესალმა. სიტყით გამოსვლისას მან შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: "გვაქვს პატივი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში მონაწილე ქვეყნების შტაბის უფროსის მოადგილეების შეხვედრას ვუმასპინძლოთ. აღნიშნული ფორმატი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას და მონაწილე ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ემსახურება. შესაბამისად, აღნიშნულ ფორმატში საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა მნიშვნელოვანია ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებებიდან გამომდინარე. დღევანდელ შეხვედრას ნატოს 14 წევრი და არაწევრი ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის მოადგილე ესწრება და თანამშრომლობის სხვადასხვა ინიციატივებს განიხილავენ.
დღევანდელ ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ ქართული მხარის ინიციატივით შედგება ნატოს ასპირანტი ქვეყნების შესაბამისი წარმომადგენლების შეხვედრა ოთხმხრივ ფორმატში. ეს შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის ოთხი ქვეყნის ერთობლივ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, რაც მიმართული იქნება ასპირანტი ქვეყნების შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებასა და ნატოსთან თავსებადობის ზრდაზე, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს".
შტაბის უფროსების მოადგილეების შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა იტალიის თავდაცვის მდივნის მოადგილემ ჯოაკინო ალფანომაც: „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და ზოგადად, მსოფლიოში მშვიდობის, ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის სტრატეგიული მიმოხილვის პროცესში ახალი მიმართულებები და მიზნები განისაზღვრა. აუცილებელია მომავალში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბრიგადის მრავალეროვნული სამშვიდობო ძალების ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერება".
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შტაბის უფროსის მოადგილეების შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე მასპინძლობს. მინისტერიალის ფარგლებში, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე ოთხმხრივ შეხვედრას გამართავს მონტენეგროელ, ბოსნია-ჰერცოგოვინელ და მაკედონიელ კოლეგებთან. ასევე, დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ლევან დოლიძის ორმხრივი შეხვედრა იტალიელ კოლეგასთან ჯოაკინო ალფანოსთან.
საქართველო მინისტერიალში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია. ასევე, რეგიონის ქვეყნების ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა სოლიდარობისა და დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე, რაც მოიცავს კეთილმეზობლური ურთიერთობების, თანამშრომლობის განვითარებასა და მნიშვნელოვან საკითხებზე ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილების მოძებნას.
მასალის გამოყენების პირობები