დღეს, 2 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლები გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.
1993 წლის 2 ივლისს რუსეთის სამხედრო ხომალდმა საზღვაო დესანტის გადმოსხმა უზრუნველყო. დესანტთან ერთად გააქტიურდა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზური ფორმირება. ჩქირდიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ქართულმა მხარემ სამი საათის განმავლობაში 300-მდე მებრძოლი დაკარგა.