დღეს, საჩხერის სამთო მომზადების სკოლა დაარსებიდან 7 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონიალი სამთო სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია, განათლების სარდალი, ვიცე-პოლკოვნიკი შალვა ბაჯელიძე, დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ბესო გოფოძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ყოფილ მეთაურებს, პოლკოვნიკ ალექსი კეკელიას, ვიცე-პოლკოვნიკებს ვასილ კოპეიკინს და მალხაზ მერლანს იუბილესთან დაკავშირებით მადლობის სიგელები გადაეცათ.
დღესვე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის (PFP) პროგრამის ფარგლებში საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დაიწყო. კურსზე მოწვეულია უკრაინის, სომხეთის, იორდანიისა და ეგვიპტის 18 სამხედრო მოსამსახურე. წვრთნები 19 ივლისამდე გაგრძელდება და კურსის განმავლობაში უცხოელი პარტნიორები სამთო-ტექნიკურ უნარ-ჩვევებს დახვეწენ.
საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსის განმავლობაში უცხოელი სამხედროები პირველ ეტაპზე ინსტრუქტორების დახმარებით შეასრულებენ სხვადასხვა სამთო-ტექნიკური ამოცანებს. სწავლების ბოლოს კი დამოუკიდებლად სპეციალურ ტესტებს ჩააბარებენ. კურსის განმავლობაში კადეტები მთაში და მაღალ მთაში გადაადგილების პრინციპებს, მდინარეებისა და ხეობების გადალახვის ტექნიკას, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენასა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებს შეისწავლიან.
სწავლების დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ. საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსის დასრულების შემდეგ კურსზე მოვლინებულ უცხოელ პარტნიორებს შესაძლებლობა ეძლევათ საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის და ზამთრის შემდგომი ეტაპის კურსები გაიარონ.