საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანია შეხვედრას გამართავს ლიტველ კოლეგასთან იუზას ოლეკასთან. მინისტრები თავდაცვის სფეროში ორმხრივი განახლებული თანამშრომლობის ხელშეკრულებასაც გააფორმებენ.
დაგეგმილია ქართული დელეგაციის წევრების შეხვედრა ლიტვის პარლამენტის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან არტურას პაულაუსკასთან და კომიტეტის წევრებთან. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე, ლიტვის სამხედრო აკადემიას ესტუმრება და მის მეთაურთან გამართავს შეხვედრას. დაგეგმილია ვიზიტი ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანია სემინარში „აღმოსავლეთ პარტნიორობა" მიიღებს მონაწილეობას და პირველ პანელში „ევროკავშირი, როგორც მეზობელ რეგიონში უსაფრთხოების გარანტი" გამოვა სიტყვით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ლიტვის რესპულიკაში 3 ივლისს დასრულდება.