„თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციამ" ბათუმის სასტუმრო „შერატონში" დღეს მუშაობა განაახლა. კონფერენციის მეორე დღე ISAF-ის ოპერაციის განხილვით დაიწყო. სიტყვით გამოვიდა ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) სარდალი გენერალი ჯოზეფ დანფორდი, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს ოპერაციის მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პანელის დასრულების შემდეგ ISAF-ის სარდალმა კომენტარი გააკეთა მედიის წარმომადგენლებისათვის. "ავღანეთის მისიაში წვლილის შეტანა რა თქმა უნდა საქართველოს გადაწყვეტილებაა. როგორც ISAF-ის მეთაური, მივესალმები გადაწყვეტილებას, რომ ქართველმა სამხედროებმა მისიაში მონაწილეობა 2014 წლის შემდეგაც გააგრძელონ, ისინი პროფესიონალები არიან. დარწმუნებული ვარ, ქართული კონტინგენტი ავღანეთში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. რაც შეეხება კონფერენციას, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც საქართველო მასპინძლობს. ფორუმი ხელს უწყობს როგორც რეგიონში, ასევე ნატოსთან ურთიერთობების განვითარებას და მიუთითებს საქართველოს სერიოზულ როლზე საერთაშორისო თანამეგობრობასა და ნატოში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ფორუმი ხდება ყველაზე სოლიდური, პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების განხილვისთვის. „შთამბეჭდავი იყო გენერალი დანფორდის გამოსვლა, რომელმაც ალბათ ყველაზე კარგად დაახასიათა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ქართველი სამხედროები არიან ამერიკელი სამხედროების ძმები - ამ სიტყვით დაიწყო მან გამოსვლა. ეს მართლაც ასახავს იმ სულს, რომელიც რეალურად არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში." - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის, ბრიგადის გენერლის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, კონფერენციაზე სამომავლო გეგმები განიხილეს: „მოხდა იმ გეგმის გაცნობა, თუ რა შეიძლება განხორციელდეს პოსტ-ISAF-ის პერიოდში 2014 წლიდან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ გამოსვლებში მონაწილეობდა ავღანეთის წარმომადგენელი, რომელმაც საკმაოდ საინტერესო პასუხები გასცა კითხვებს." მომხსენებელთა შორის იყვნენ ავღანეთის კონფლიქტების და სამშვიდობო საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორი ჰეკმატ ყარზაი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე და ნატოში სლოვაკეთის მუდმივი წარმომადგენელი ელჩი ტომას ვალასეკი. პანელს "ISAF-ის ოპერაცია - პროგრესი და მომავლის ერთიანი ხედვა" მოდერაციას უწევდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია
მასალის გამოყენების პირობები