ბათუმში, სასტუმრო „შერატონში" თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. საერთაშორისო ფორუმი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გახსნა. სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. პირველი პანელი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას მიეძღვნა. პანელს „ევროატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგი - ტენდენციები და პოლიტიკა" მოდერატორობას უწევდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი. მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, გაერთიანებული სამეფოს მინისტრი საერთაშორისო სტრატეგიის საკითხებში ენდრიუ მურისონი, სტეფან სესტანოვიჩი აშშ-ის საგარეო ურთიერთობების საბჭოდან და პოლონელი სენატორი ბოგდან კლიხი.
„მიხარია, რომ უკვე ძალიან სოლიდურ კონფერენციად ჩამოყალიბდა და მერვედ ტარდება საქართველოში. ჩვენს რეგიონში, კავკასიაში ეს არის ყველაზე მთავარი პოლიტიკური და უსაფრთხოების ფორუმი. პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოსულები არიან მაღალი დონის წარმომადგენლები. პირველივე პანელი იყო ძალიან საინტერესო - ამერიკელი, ბრიტანელი, პოლონელი და ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით. დარწმუნებული ვარ, დღესაც და ხვალაც ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საკითხები იქნება განხილული და კონფერენციის დასკვნით ნაწილში ჩვენს პოზიციებს შევაჯერებთ." - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პირველი პანელი ძალიან წარმომადგენლობითი იყო - მასში მონაწილეობდნენ ცნობილი ექსპერტები და როგორც მთელი კონფერენცია ეს პანელიც მიეძღვნა უსაფრთხოების საკითხებს და იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს არის მსოფლიოს წინაშე. „ჩემს გამოსვლაში ყურადღება გავამახვილე საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე და მიღწეულ წარმატებებზე. განვიხილეთ რუსეთთან სრულიად ახლებური დამოკიდებულება, რომელიც აქვს ახალ მთავრობას და ის შიდა გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას საქართველო. მე, ისევე როგორც პრემიერმა, გავამახვილეთ ყურადღება ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე ახლა და 2014 წლის შემდეგ. ვისაუბრეთ იმ ლოჯისტიკურ შეთავაზებაზე, რომელიც საქართველოს აქვს ალიანსის მიმართ, რომ გამოიყენოს საქართველოში არსებული სატრანზიტო გზები ტვირთებისა და ჯარისკაცების უკან დასაბრუნებლად. ასევე, ავღანეთის მიმართულებით გადასაზიდად." - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ასევე განიხილავენ ნატოს გაფართოების საკითხს, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, ISAF-ის ოპერაციას, შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობასა და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.
მასალის გამოყენების პირობები