დღეს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში" საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ჩამოყალიბდა როგორც სამხრეთ-კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი ფორუმი. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია უკვე მერვედ ტარდება. წლიდან წლამდე იზრდება ინტერესი კონფერენციისადმი და მისი რეპუტაცია და მასშტაბი. კონფერენციას უკვე საკუთარი ტრადიციები გააჩნია. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის უკეთესად გააზრებისა და გაანალიზების პლატფორმის შექმნას, მოსაზრებებისა და იდეების გაზიარებას და დისკუსიების სტიმულირებას არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გამოწვევებზე."
საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სწრაფვაზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენმა ქვეყანამ ათი წლის წინ გააკეთა ერთმნიშვნელოვანი არჩევანი. ეს პოლიტიკური არჩევანი ევროატლანტიკური სივრცეა. ეს არჩევანი გულისხმობს თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიო თანამეგობრობის წევრობას. ეს არჩევანი არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ შეიცვლება - იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა."
პრემიერ მინისტრმა ზოგადად უსაფრთხოების მნიშვნელობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილზეც ისაუბრა: „ჩვენ შეგვაქვს ჩვენი წვლილი როგორც ავღანეთში მშვიდობის დამყარების საქმეში, ისე საერთაშორისო ტერორიზმისა და სხვა ტრანსნაციონალური საფრთხეების თავიდან აცილებაში. როდესაც ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთის მიწაზე თავგანწირვით იბრძვიან, ისინი საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და მსოფლიოში მშვიდობისათვის სწირავენ თავს."
უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის კონფერენცია სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების პოლიტიკის ერთგვარ ფორუმად ჩამოყალიბდა, რომელიც მიმოიხილავს როგორც უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის სფეროს მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებს და მათი დაძლევის გზებს, როგორც რეგიონული ასევე საერთაშორისო კუთხით.
ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ევროატლანტიკური უსაფრთხოება, ნატოს გაფართოება, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორები, ISAF-ის ოპერაცია, შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა და საქართველოს დემოკრატიული განვითარება.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრებს გამართავს.