ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელობა ეწვია. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი კნუდ ბარტელსი და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დელეგაციის წევრებთან შეხვედრას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, მისი მოადგილეები გენერალი ვახტანგ კაპანაძე და პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე, გაერთიანებული შტაბისა და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ალიანსთან საქართველოს არსებული ურთიერთობები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები იყო. საუბარი შეეხო ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიას. მხარეებმა პოსტ-ISAF-ის პერიოდში, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის საწვრთნელი მისიისა და დახმარების საკითხებიც განიხილეს და 2014 წლის შემდეგ, ავღანეთში საქართველოს როლზე ისაუბრეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ჯაჭვაძემ უცხოელ სტუმრებს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო პერსონალის მენეჯმენტის საკითხებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარუდგინა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციას დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არაფორმალურ გარემოში სამუშაო სადილით უმასპინძლებს. ნატოს უმაღლესი წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედრო ცერემონიალით დასრულდება.