საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭო და ნატოს გენერალური მდივანი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში გაცილების ცერემონიალს დაესწრებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისიტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
,,ნატოს გენმდივანი და ნატოს წევრი ქვეყნის ელჩები დაესწრებიან, საქართველოდან ავღანეთში სამხედრო მოსამსახურეების მორიგი კონტიგენტის ავღანეთში გაცილების ცერემონიალს", _განაცხადა ჯალაღანიამ.
მისივე განმარტებით ასევე დაგეგმილია ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის სტუდენტებთან შეხვედრა.
,,ნატოს წევრი სახელმწიფოების ქვეყნის ელჩები და ნატოს გენერალური მდივანი ასევე ჩაატარებენ შეხვედრას, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე დაგეგმილია გენერალური მდივნის მიმართვა სტუდენტებთან ეროვნულ ბიბლიოთეკაში ", _განაცხადა ჯალაღანიამ და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
დავით ჯალაღანიას განმარტებით ალიანსის 28 წევრი ქვეყნის ელჩი და გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან.