საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სნაიპერული შაშხანიდან სროლაში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი IV ქვეითი ბრიგადის ვაზიანის საერთო საჯარისო სასროლეთზე ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფებების სარდლობებიდან და გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან შიდა ჩემპიონატების საშუალებით გამოვლენილი საუკეთესო მსროლელები შეირჩნენ. შეჯიბრი სამ ეტაპად ჩატარდა.
თავდაცვის სამინიტროს ინფორმაცით, I ეტაპი 100, 200 და 300 მეტრ დისტანციიდან სროლაში შემდეგ ეტაპზე გადასასვლელ ხასიათს ატარებდა. თითოეულ მსროლელს შემდეგ ეტაპზე გასვლა მინიმუმ 136 ქულის მოგროვების შემთხვევაში შეეძლო. II და III ეტაპებზე კი მსროლელები უკვე 500-დან 700 მეტრამდე და 500-დან 900 მეტრამდე დისტანციებზე სროლაში შეეჯიბრნენ. ჩემპიონატს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან სპეციალურად ტურნირისთვის დაკომპლექტებული კომისია აკვირდებოდა. გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალურად შეგროვებული ქულების საერთო რაოდენობის მიხედვით გამოვლინდნენ. ინდივიდუალურ შეჯიბრში I, II და III ადგილებზე გასულ სამხედროებს შესაბამისი მედლები და სიგელები, ხოლო გუნდურ შეჯიბრში გამარჯვებულ ქვედანაყოფებს სიგელებთან ერთად ჩემპიონატის თასებიც გადაეცათ. პირველი ადგილის მფლობელი 764 ქულით სპეციალური ოპერაციების ძალების გუნდი გახდა; მეორე ადგილი 745 ქულით III ქვეით ბრიგადის გუნდს ერგო წილად, ხოლო მესამე ადგილზე 603 ქულით II ქვეითი ბრიგადა გავიდა. ჩემპიონატში ინდივიდუალურ პირველობაში II და III ადგილები შესაბამისად III ქვეითი ბრიგადის კაპრალს ონისე მაჩალაძეს და IV ქვეითი ბრიგადის კაპრალს ირაკლი დოლიძეს ერგოთ წილად. ხოლო I ადგილის მფლობელი მე-5 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე გახდა. მან საუკეთესო მსროლელის ტიტულიც მოიპოვა.