საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის მინისტრი დოქტორი ენდრიუ მურისონი იმყოფება. დღეს, ბრიტანელი სტუმარი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ავღანეთის საერთაშორისო მისიასა და პოსტ-ISAF-ის პერიოდს. ირაკლი ალასანიამ დოქტორ ენდრიუ მურისონს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივებზე ესაუბრა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის მინისტრმა დოქტორმა ენდრიუ მურისონმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო უსაფრთხეობის სტრატეგიის მინისტრს ვმასპინძლობთ. ამით ინსტიტუციონალიზაცია გავუკეთეთ ჩვენს ურთიერთობას. დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდი მეგობრობა, რომელიც ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებობს - ავღანეთის უსაფრთხოებისთვის ჩვენი მხარდამხარ ბრძოლა, ჩვენთვის ძალიან დიდი წინსვლა და გამარჯვებაა. მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ მომავალი სწორედ პარტნიორობითაა განსაზღვრული. საქართველოს დიდი ბრიტანეთისგან ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა ძალიან მაღალი აქვს" - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და მომავალი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა დოქტორმა ენდრიუ მურისონმაც: „გაერთიანებული სამეფოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთან თანამშრომლობას. ჩვენ ერთმანეთის მხარდამხარ ვიბრძვით ავღანეთში. მინდა ჩემი სამძიმარი გამოვხატო ბოლოდროინდელი თავდასხმების შედეგად დაღუპული ქართველი სამხედროების გამო. დღეს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი კიდევ უფრო გაამყარებს თავდაცვისა და უსაფრთხეობის სფეროში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებს".
დღესვე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან ლევან დოლიძესთან და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან, პოლკოვნიკთან ირაკლი ძნელაძესთან გამართა შეხვედრა.
ვიზიტის ფარგლებში, ბრიტანელი სტუმარი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ISAF-ის მისიის დროს დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მოინახულებს. დაგეგმილია ასევე, ენდრიუ მურისონის სტუმრობა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ბათუმში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და პანელში „ევროატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგი - ტენდენციები და პოლიტიკა" გამოვა სიტყვით.