ევროპაში მოკავშირე ძალების სარდლის მოადგილე (SHAPE) გენერალი სერ რიჩარდ შირეფი ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებულ ქართულ ბატალიონებს ეწვია. ბაზა „ლეზერნიკზე" სტუმრობისას III ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ხელმძღვანელობამ მოკავშირე ძალების სარდლის მოადგილეს ბაზის ტერიტორია დაათვალიერებინა და სამეთაურო ბრიფინგი ჩაუტარა.
გენერალი შირეფი ბაზა „შირგაზზე" IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონსაც ესტუმრა. დანაყოფის პირადი შემადგენლობის გაცნობის შემდეგ, ბატალიონის მეთაურმა მაიორმა ირაკლი კალანდაძემ ბრიტანელ გენერალს ქართველების ოპერაციის რაიონში არსებული სიტუაცია აუხსნა და ბოლო აფეთქებების შემდეგ უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ჩატარებული სამუშაოები გააცნო. გენერალმა შირეფმა პირადად დაათვალიერა ბაზის ის ტერიტორია, რომელზეც ამბოხებულებმა შეტევა განახორციელეს.
„საქართველოს წვლილი ავღანეთის მისიაში უმნიშვნელოვანესია. საქართველო ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით ყველაზე მსხვილ კონტრიბუტორ ქვეყანას წარმოადგენს. ქართველები ნამდვილად პროფესიონალი მებრძოლები არიან, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მნიშვნელოვან საბრძოლო ოპერაციებში არა მხოლოდ ჰელმანდის პროვინციაში, არამედ მთლიანად ავღანეთში. ჩვენ ვაფასებთ ქართველების გმირობას, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ავღანეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში" - განაცხადა გენერალმა სერ რიჩარდ შირეფმა.
33-ე და 42-ე ბატალიონები ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას. ქართველი სამხედროები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში ასრულებენ მისიას.