დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს აშშ-ის ევროპის სარდლობის მთავარი სერჟანტი როი მედოქსი ესტუმრა. უცხოელ სტუმარს მასპინძლობა ქართველმა კოლეგამ - საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ალუდა კოპალიანმა გაუწია. შეხვედრაზე ალუდა კოპალიანმა უცხოელ სტუმარს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ სპეციალური პრეზენტაცია წარუდგინა და სერჟანტთა პროფესიული განვითარების პროცესები გააცნო. როგორც მთავარმა სერჟანტმა როი მედოქსმა აღნიშნა, ნატოსთან თანამშრომლობით შემუშავებულია სერჟანტთა პროფესიული განვითარების სტრატეგია, რომლის განხორციელებაზეც საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტები აქტიურად მუშაობენ.
დღესვე, აშშ-ის ევროპის სარდლობის მთავარმა სერჟანტმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძესთან და მის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან გამართა შეხვედრა. გაესაუბრა ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტთა კორპუსს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ევროპის სარდლობის მთავარი სერჟანტი როი მედოქსი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს" ესტუმრება და ქართველი სამხედროების ISAF-ის მისიისთვის მზადების პროცესს დააკვირდება. დაგეგმილია ასევე, მთავარი სერჟანტის ვიზიტი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში და ISAF-ს მისიაში დაჭრილ ქართველი სამხედროებთან შეხვედრა, რომლებიც ამჟამად აკადემიაში სასწავლო კურსს გადიან. ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ევროპის სარდლობის მთავარი სერჟანტი გორის სამხედრო ჰოსპიტალსაც ესტუმრება და ISAF-ის საერთაშორისო მისიის დროს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს პირადად მოინახულებს.