საქართველოს თავდაცვის მინისტრი საფრანგეთში გლობალური უსაფრთხოების 30-ე საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. ირაკლი ალასანია შავი ზღვის რეგიონის პანელში გამოვიდა სიტყვით და რეგიონის უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა: „ჩემი მთავარი ამოცანაა, კიდევ ერთხელ გავაცნო ჩემს კოლეგებს, რომ საქართველო მათთვის სტრატეგიული პარტნიორია - ჩვენ ავღანეთში წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში ერთამენთის მხარდამხარ ვიბრძვით. ასევე, მინდა ჩვენს პარტნიორებს საქართველო კარგად გავაცნო არა მხოლოდ სამხედრო კუთხით, არამედ როგორც პოლიტიკური სტაბილურობის შემცველი ქვეყანა, რომელსაც შუძლია გრძელვადიანი სტაბილური პარტნიორობა გაუწიოს ევროპას".
სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივებზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ნატოს მომავალი წლის სამიტზე საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამს.
გლობალური უსაფრთხოების სამუშაო შეხვედრა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონფერენციის მონაწილეები მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.