რესპოდენტის შესახებ
„კარგი გუნდი გვყავს, ჩვენს შორის არჩეული იქნება ძალიან საინტერესო პრეზიდენტი, გვყავს პარლამენტის ძალიან კარგი სპიკერი და მაქვს იდეა იმასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება, ჩემი ადგილი დაიკავოს. არ მსურს და ეს საქართველოში პოლიტიკისთვისაც ძალიან ცუდი იქნება, რომ ფსონი მუდმივად ერთ ადამიანზე კეთდებოდეს. ზემოთ აღნიშნული სამი თანამდებობის გარდა, მჯერა, რომ ყველა მათგანი სუფთა ადამიანებად, დემოკრატებად დარჩებიან. აუცილებელია ასევე დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ასევე თავისუფალი მედია. ახალი სისხლია საჭირო", - განაცხადა ივანიშვილმა. რამდენად დროულია, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ პრემიერის განაცხადება, გახდება ის კოალიციის დაშლის წინაპირობა და განმეორდება თუ არა 1993 წლის ისტორია, როცა ქართულმა საზოგადოებამ ედუარდ შევარდნაძეს დაუჩოქა და თანამდებობაზე დარჩენა სთხოვა? ,,ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრა.
_ ქალბატონო ხათუნა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ რამდენად ადეკვატურია ბიძინა ივანიშვილის განაცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ?
_ ჩემთვის პირადად, ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკოსის ღირებულებას შეადგენდა არა მხოლოდ ის, რომ ის იყო ერთადერთი შანსი ,,ნაციონალური მოძრაობისგან" გასათავისუფლებლად, არამედ მისი რამდენიმე წინასაარჩევნო დაპირებაც. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობების რეალური დამოუკიდებლობა და მეორე დაპირება, რომელიც ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ეხებოდა მრავალპარტიული სისტემის ფორმირებას, რომელიც ქვეყნის სტაბილურად განვითარების გარანტია იქნებოდა და აღარ შეიქმნებოდა ისეთი პოლიტიკური მონსტრი როგორც ,,ნაციონალური მოძრაობა" იყო. ბიძინა ივანიშვილი თუ მართლა საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში პოლიტიკიდან წავა, მისი არც ერთი დაპირება, რომელმაც რეალურად უნდა უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება შესრულებული არ იქნება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაც, რომელიც დღემდე რჩება, მით უმეტეს, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ,,ნაციონალების" კონტროლის ქვეშ. ასე რომ, როგორი ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოც უნდა იყოს, იგივე პოლიტიკური პარტიების, თუ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის განვითარებისთვის არათავისუფალი სასამართლო ხელისუფლების პირობებში ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაიყაროს. ასე რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის, პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, ქვეყანაში როგორი ბალანსიც არ უნდა იყოს, არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ რადიკალურ ძვრებს ავცდეთ. დღევანდელი პოლიტიკური პარტიები იმდენად სუსტები არიან, განსხვავებული იდეოლოგიით, იმდენად შეუთავსებელი აზრები აქვთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, მეეჭვება, მოხერხდეს სტაბილური პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბება.
_ შესაძლებელია, პრემიერ-მინისტრის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში ,,ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდეს?
_ იმ ფონზე როცა ამ გადასახედიდან არსებობს საფრთხე ,,ნაციონალური მოძრაობის" რეინკარნაციის, ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ძალიან დიდი რისკია. თუმცა მანამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი იმისთვის, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებიც დანაშაულებრივი რეჟიმს შექმნას ხელმძღვანელობდნენ მათ მისამართით სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება მოხდეს. თუმცა აქაც ბევრი კითხვის ნიშანია, საინტერესოა, არსებულ სასამრთლოს პირობებში როგორ წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს, თუნდაც აბსოლუტურად რეალური ფაქტების, ნივთმტკიცებების შემთხვევაში სასამართლო ხელისუფლება წავა იმაზე, რომ ბრალი წაუყენოს ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს? დარწმუნებული ვარ, ,,ნაციონალური მოძრაობის" ბევრი ლიდერი ხელს მოაწერს იმ საშინელებებს, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდში ვიხილეთ, იმ მიზნით, რომ ხელისუფლებაში კიდევ დაბრუნდნენ და იმედია, პრემიერ-მინისტრი ამას არ დაუშვებს.
_ რას ნიშნავს ხელს მოაწერენ, აღიარებენ რაც ჩაიდინეს?
_ ჩაიდენენ იგივე სისასტიკეს, რასაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდნენ, Uთუ ეს იქნება მათთვის ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი. ამიტომ ეს საკმაოდ რეალური საშიშროებაა და იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი ამას არ დაუშვებს. ამავე დროს მეორე მნიშვნელოვანი საკითხია რამდენად გამართულ პოლიტიკურ სპექტრსა და ქვეყანას დატოვებს ივანიშვილი. ამავე დროს არ უნდა განმეორდეს ის რაც ედუარდ შევარდნაძეს გაუკეთა საზოგადოებამ, როცა დაუჩოქა. არ უნდა განმეორდეს არაჯანსაღი პოლიტიკური ისტორია.
_ ბიძინა ივანიშვილის განცხადება შესაძლოა კოალიციისთვის არჩევნებამდე დაშლის საბაბი გახდეს?
_ არ ვიცი ვერ გეტყვით, მაგრამ თავად ბიძინა ივანიშვილი ამას არ ვარაუდობს.
,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი