დღეს, თავდაცვის სამინისტროში საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისიის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე ხელმძღვანელობდა.
კომისია მიზნად ისახავს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული საომარი მოქმედებების, ასევე საზღვარგარეთ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისას დაგროვილი გამოცდილების შესწავლას, გაანალიზებასა და გაზიარებას.
კომისიის წევრები საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები არიან. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები, სამხედრო ექსპერტები, საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები.
კომისიის სხდომა გაცნობითი ხასიათის იყო. შეხვედრაზე სამუშაო გეგმა და კვლევის ჩატარების მეთოდოლოგია განისაზღვრა. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში მომხდარი კონფლიქტების დეტალების შესწავლა თავდაცვის სამინისტროსა და სხვა უწყებებში არსებულ მასალებზე დაყრდნობით მოხდება, გაანალიზებული იქნება ქართული ჯარის მოქმედებები სხვადასხვა კონფლიქტების დროს და შემუშავდება გარკვეული რეკომენდაციები მომავალი ქმედებებისათვის, რაც მომავალში ქართულ არმიასა და სახელმწიფოს მისცემს საშუალებას უფრო ეფექტურად მოახდინოს საკუთარი ტერიტორიების დაცვა.