საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის (PFP) პროგრამის ფარგლებში საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსი მიმდინარეობს. კურსზე მოწვეულია აშშ-ის რეზერვის ოფიცრის მომზადების კორპუსის 45 მსმენელი. წვრთნები 2 ივნისს დაიწყო და 23 ივნისამდე გაგრძელდება. კურსის განმავლობაში ამერიკელი კადეტები სამთო-ტექნიკურ უნარ-ჩვევებს დახვეწენ.
საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსის განმავლობაში ამერიკელმა კადეტებმა სხვადასხვა სამთო-ტექნიკური ამოცანები თავდაპირველად ინსტრუქტორების დახმარებით შეასრულეს. სწავლების მესამე კვირა პრაქტიკულ სავარჯიშოებს დაეთმობა. მსმენელები სპეციალურ ტესტებს ჩააბარებენ. კურსის განმავლობაში კადეტები მთაში და მაღალ მთაში გადაადგილების პრინციპებს, მდინარეებისა და ხეობების გადალახვის ტექნიკას, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენასა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებს შეისწავლიან.
სწავლების დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.
საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსის დასრულების შემდეგ კურსზე მოვლინებულ უცხოელ პარტნიორებს შესაძლებლობა ეძლევათ საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის და ზამთრის შემდგომი ეტაპის კურსები გაიარონ.